2022 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასის სახით 9,600 ლარზე მეტს იღებდნენ, წლიურად 42%-ით გაიზარდა. 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი ზრდა 96%-ია. PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში, 9,600 ლარზე მაღალი ხელფასი მთლიანი დასაქმებულების 1.4%-ს ჰქონდა.
2022 წლის მაისში, დასაქმებულთა 24.3%-ის ხელფასი 600 ლარამდე იყო, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის მაისთან შედარებით, 8 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასის სახით 2,400 ლარზე მეტს იღებდნენ, 16.7%-ს შეადგენდა. მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.3 პროცენტული პუნქტით, 2020 წლის მაისთან შედარებით კი, 5.9 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.
PMC-ის ინფორმაციით, 2022 წლის მაისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასს იღებდნენ, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5%-ით, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.6%-ით გაიზარდა.
2022 წლის პირველი კვარტლის შრომის ბაზრის ინდიკატორები ასე გამოიყურება:
- სამუშაო ძალა - 1 მლნ 491 ათასი ადამიანი;
- დასაქმებული - 1 მლნ 201 ათასი ადამიანი;
- დაქირავებით დასაქმებული - 818 ათასი ადამიანი;
- თვითდასაქმებული - 382 ათასი ადამიანი;
- უმუშევარი - 290 ათასი ადამიანი;
- სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე - 49.9%;
- დასაქმების დონე - 40.2%;
- უმუშევრობის დონე - 19.4%.
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, jobs.ge-ზე 33,703 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 67%-ით, ხოლო 2019-2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 101%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, 9,635 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, 7,123 ვაკანსია - ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, 11,339 ვაკანსია კი - ტექნიკურ/ლოგისტიკურ კატეგორიაში.