უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა უკრაინას წევრობა საგანგებო პროცედურის საფუძველზე მიანიჭოს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას რამდენიმე წევრი ქვეყანა მხარს უჭერს, წინ რთული პროცესია, რომელიც, როგორც წესი, წლების განმავლობაში გრძელდება.
ხორვატია იყო ბოლო ქვეყანა, რომელიც ბლოკს შეუერთდა. სანამ მას 2013 წელს ოფიციალურად მიიღებდნენ, განაცხადის განხილვის პროცესი 10 წელი გაგრძელდა.
"დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამართლიანია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ვიმსახურებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია," - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.
ევროკავშირის წევრობა კანდიდატი ქვეყნისგან მოითხოვს, ბლოკის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, მიიღოს ევროკავშირის დადგენილი კანონმდებლობა, ასევე გაატაროს რეფორმები, მათ შორის სასამართლო და ეკონომიკური სისტემების რეფორმა.
ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტს 30-ზე მეტი მიმართულებით. ამის შემდეგ ბლოკში მიღებისთვის საჭიროა ევროკავშირის ყველა წევრის, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის ერთსულოვანი თანხმობა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა დღეს ბერლინში სლოვენიელ კოლეგასთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ"ევროკავშირი ყოველთვის იყო სახლი ღია კარით" და "უკრაინა ევროპული სახლის ნაწილია".
თუმცა, დასძინა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ არის რამდენიმეთვიანი პროცესი, არამედ, ის მოიცავს ტრანსფორმაციის ინტენსიურ და შორს მიმავალ პროცესს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ფრანგული ტელეკომპანია BFM-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გაწევრიანებაზე დებატები გაიმართება და აღნიშნა, რომ მას სურს ძლიერი კავშირები უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი Euronews-ს განუცხადა, რომ უკრაინის ბლოკში ხილვა სურს.
უკრაინის მიერ გაწევრიანების განაცხადს ჩეხეთი და სლოვაკეთიც გამოეხმაურა.
"მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ სტანდარტული პროცედურების მომხრე, ახლა ჩვენ სტანდარტულ სიტუაციაში არ ვართ", - თქვა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ.
სლოვაკეთის პრეზიდენტის, ზუზანა კაპუტოვას თქმით, იგი მხარს უჭერს ზელენსკის მოწოდებას და დასძენს, რომ ამის "დრო ახლაა".
მიუხედავად იმისა, რომ განაცხადის განხილვის პროცესი რთულია და, როგორც წესი, დიდხანს გრძელდება, წევრი ქვეყნების სურვილის შემთხვევაში, პროცედურების დაჩქარება შესაძლებელია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონ ფოლენი