LIVE

ხაზარაძე „ბორჯომზე“: საქართველოს აქციები მთლიანად უნდა წამოეღო და ხალხზე გასხვისებულიყო

14 ივნ 202220:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 911
ხაზარაძე „ბორჯომზე“: საქართველოს აქციები მთლიანად უნდა წამოეღო და ხალხზე გასხვისებულიყო

პარტია „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კომპანია „ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელად სახელმწიფოს წარმომადგენლის დანიშვნა გაუგებარია და გარიგებასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. 

ხაზარაძის განცხადებით, სანქცირებული კომპანიის აქციები სახელმწიფოს მთლიანად უნდა გადმოსცემოდა და ქართველ ხალხზე გასხვისებულიყო.

„გაუგებარია, კერძო კომპანიაში რატომ უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დანიშნული თავმჯდომარე. ეს უკვე ნიშნავს, რომ ამ გარიგების უკან რაღაც გარიგებაა. მეორე, რატომ მოხდა აქციების მხოლოდ 7.73%-ის გადმოცემა. მესამე, როცა პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სანქციებს არ უერთდება, ეს პრაქტიკულად იმის დადასტურებაა, რომ სანქციებს შეერთებულია, რადგან დასანქცირებულ ადამიანთან, ამ შემთხვევაში Alfa-ს წარმომადგენელთან, მოხდა გარიგება. ანუ, ის საკონტროლო პაკეტიდან ჩაწიეს და მართვის უფლება ქართულმა მხარემ მიიღო“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ERASMONY LIMITED-ის საკუთრებაში არსებული RISSA INVESTMENT LIMITED-ის 1 104 (7.73%) ხმის უფლების მქონე აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცემა.  

ეკონომიკის მინისტრის თქმით, „ბორჯომის“ მმართველ კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-თან მიღწეული გარიგების შედეგად, საქართველოს სახელმწიფოს „IDS ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოში ორი დირექტორი ეყოლება. ერთი ხმის უფლების მქონე, ერთი კი დამკვირვებელი დირექტორი. აღსანიშნავია, რომ ხმის უფლების მქონე დირექტორი ასევე იქნება დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი და მას წარმმართველი როლი ექნება.

გარიგების შედეგად IDS BORJOMI International-ის წილები ასე გადანაწილდა: 

  • ERASMONY LIMITED - აქციების 49.99%;

  • Black Waters Limited - აქციების 38.48%;

  • საქართველოს სახელმწიფო - აქციების 7.73%;

  • მინორიტარი აქციონერები - აქციების 3.79% (ბორჯომის ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი).

IDS BORJOMI International-მა, რომლის საკონტროლო პაკეტი სანქცირებული მიხაილ ფრიდმანის Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა, ბორჯომის წარმოება 29 აპრილიდან შეაჩერა

IDS Borjomi International მინერალური წყლების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიაა. მისი ნაწილია IDS Borjomi Georgia, რომელიც საქართველოში „ბორჯომის“ ოფიციალური მწარმოებელია. IDS Borjomi International ბალტიისპირეთისა და დსთ-ს ქვეყნებში ოპერირებს და საქართველოს გარდა მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანიები უკრაინასა და რუსეთშიც აქვს.