LIVE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, GLOBALIZE-ს პირველი ევროპული კონფერენცია პარიზში წარმატებით ჩატარდა

14 ივნ 202215:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 560
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, GLOBALIZE-ს პირველი ევროპული კონფერენცია პარიზში წარმატებით ჩატარდა

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად სტარტაპების განვითარებისა და მათი მასშტაბირების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, GLOBALIZE-მ პარიზში ევროპის კონფერენციას უმასპინძლა, სადაც თავი მოუყარა ევროპაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებსა და ქართული სტარტაპებით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორებს. კონფერენციის მიზანი იყო ქართული საინვესტიციო, საექსპორტო და სტარტაპ იდეების ევროპის ბაზარზე გატანა და ახალი პარტნიორების მოძიების ხელშეწყობა. ასევე, გამოცდილების გაზიარება იმ სტარტაპებისთვის, რომლებიც გლობალურად მასშტაბირებას გეგმავენ. კონფერენციამ მოიცვა პანელური დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ციფრული ტრანსფორმაცია, სტარტაპებისთვის early‐stage ინვესტიციების, აქსელერაციის, სქეილინგისა და სწრაფი ზრდის შესაძლებლობები, ევროგაერთიანებაში ექსპორტირების სამართლებრივი ჩარჩოები, პროდუქტის შეფუთვის ნორმები ევროპასა და მსოფლიოში, გართობის ინდუსტრიის ადაპტაცია დროსთან, კრიპტოვალუტების პოპულარობა მარეგულირებელთა რისკების წინააღმდეგ და სხვა. 

პანელურ დისკუსიებსა და პრეზენტაციებში სპიკერებმა გამოცდილება გაუზიარეს ქართულ სტარტაპებს, ექსპორტიორებსა და კონფერენციის მონაწილეებს. პრეზენტატორთა შორის იყო არაერთი წარმატებული  პროფესიონალი ქართველი სხვადასხვა დარგში, რომლებიც მზად არიან, თავიანთი გამოცდილების გაზიარება მომავალშიც გააგრძელონ სტარტაპების მხარდასაჭერად. კონფერენციას მონაწილეები შეუერთდნენ გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან, მალტიდან, საფრანგეთიდან და საქართველოდან.

„გამომდინარე იქიდან, რომ GLOBALIZE არის მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებ ქართველთა პროფესიული გაერთიანება და ცდილობს ქართული ბიზნესის გლობალიზაციას, მთავარი სამუშაო ენა ქართულია, თუმცა, www.globalize.ge უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ საერთაშორისო სპიკერებსა და ინვესტორებს, შესაბამისად, კონფერენციის პირველი ნაწილი ქართულად შედგა, მეორე კი ‐ ინგლისურად. საერთაშორისო ნაწილზე სცენა დაეთმო გამოცდილ ანტრეპრენერებს, მენტორებს და ინვესტორებს, რომლებმაც საჭირო რჩევები გაგვიზიარეს, თუმცა, ღონისძიების მთავარი მიზანი იყო, რომ მათთვის ქართული სტარტაპები გაგვეცნო. უკვე დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობა, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივად შევუწყოთ ხელი სტარტაპების ევროპის ბაზარზე გაფართოებას, საჭირო ინვესტორებთან  დაკავშირებასა და ასე შემდეგ”, ‐ ამბობს GLOBALIZE-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სალომე კუკავა.  

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, კონფერენციის მეორე ნაწილში შედგა სტარტაპების ფიჩინგი. საერთაშორისო ინვესტორებისა და საინვესტიციო ჯგუფების წინაშე წარდგა 12 ქართული სტარპატი. კონფერენციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, სტარტაპებისთვის გაიმართა ფიჩინგისთვის მოსამზადებელი ვორქშოფი, რომელსაც ორი უმაღლესი კლასის სპეციალისტი უძღვებოდა: ალბერტ სზულმანი ‐ სერიული ანტრეპრენერი, Scale up Booster აქსელერატორის თანადამფუძნებელი, მენტორი და  ივს ლოსტანლენი ‐ გლობალური ანტრეპრენერი და ინვესტორი, 20 წლიანი გამოცდილებით მენეჯმენტის, ლიდერშიფისა და ბიზნესის ზრდის მიმართულებით. BOG-ში აცხადებენ, რომ სტარტაპებმა მიიღეს კონკრეტული რეკომენდაციები და მენტორშიფი.

GLOBALIZE‐მ ანალოგიური კონფერენცია აპრილში, კალიფორნიაში, სილიკონ ველიზე გამართა. როგორც საკონსულტაციო კომპანიაში აცხადებენ, საერთაშორისო მასშტაბის კონფერენციების სერია მიმდნარე წლის ბოლომდე გაგრძელდება და მომდევნო ქვეყნები უახლოეს დღეებში დაანონსდება.

(R)