LIVE

2020 წლის შემდეგ პირველად, ევროპა ნავთობს ვენესუელიდან მიიღებს

09 ივნ 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 894
2020 წლის შემდეგ პირველად, ევროპა ნავთობს ვენესუელიდან მიიღებს

პირველად ორი წლის განმავლობაში, იტალიური ნავთობ გიგანტი Eni და ესპანური გადამამუშავებელი კომპანია Repsol-ი მზად არიან ვენესუელური ნავთობის იმპორტისთვის მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ ამერიკულ ქვეყანას სანქციები შეუმსუბუქა.

ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე გამოცხადებული ნაწილობრივი ემბარგოს ფონზე, აშშ ევროპისთვის მიწოდების გზების გამარტივებას ცდილობს. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, Eni-მ დროებით დაჯავშნა ორი გემი ვენესუელაში ნავთობის ჩასატვირთად. გემებმა უნდა ჩატვირთონ 1 მილიონი ბარელი გაზავებული ნედლი ნავთობი ფაჯას რაიონში არსებული საბადოებიდან. წყაროს ცნობით, Eni-სა და Repsol-ს ერთად ამჟამად 2 მილიონ ბარელამდე ნავთობის იმპორტირება შეუძლიათ.

სანქციების შემსუბუქება კარგი ამბავია ვენესუელისთვის. ბარელ ნავთობზე $100-იანი ღირებულების წყალობით, OPEC-ის დამფუძნებელმა წევრმა სტაბილურად გაზარდა წარმოება მას შემდეგ, რაც 2019 წელს სანქციები გამოცხადდა. მოკავშირე ირანის დახმარებით აპრილში მოპოვებამ დღეში 707 000 ბარელს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შორს არის წარმოების 5 წლის წინანდელი დონისგან, როდესაც ქვეყანა დღეში თითქმის 2 მილიონ ბარელს აწარმოებდა, მაჩვენებელი 47%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. სანქციების შემსუბუქება ხდება მას შემდეგ, რაც ვენესუელამ შეამცირა ექსპორტი ჩინეთში, სანქცირებული ნავთობის მთავარ მყიდველ ქვეყანაში ლოქდაუნის გამოცხადების შემდეგ.

“ვენესუელასთან დაკავშირებული სანქციები ძალაში რჩება. გავაგრძელებთ სანქციების გამოყენებას და აღსრულებას”, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. 

Eni, სავარაუდოდ, ვენესუელიდან იმპორტირებულ ნავთობს საკუთარ გადამამუშავებელ სისტემას გადასცემს. კომპანია ფლობს სამ გადამამუშავებელ ქარხანას იტალიაში და აქვს წილები ევროპის სამ სხვა გადამამუშავებელ ქარხანაში. კომპანიას დღეში 548 000 ბარელი ნავთობის გადამუშავება შეუძლია.

Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, 2019 წელს ევროპამ შეადგინა ვენესუელის ნავთობის გაყიდვების თითქმის 10%. მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლოს ევროპამ ვენესუელური ნავთობის იმპორტი 2020 წლის სექტემბერში განახორციელა.

ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები ვენესუელისთვის სანქციების შემსუბუქებას აპირებდა, Bloomberg-მა გაავრცელაინფორმაციის თანახმად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მისცემდა საშუალებას ევროპულ კომპანიებს, რომლებიც ჯერ კიდევ მოქმედებენ ვენესუელაში, დაუყოვნებლივ გადაეტანათ მეტი ნავთობი კონტინენტზე, ხოლო ამერიკულ ენერგოკომპანია Chevron-ს მისცემდა უფლებას, მოლაპარაკება ეწარმოებინა ქვეყანაში ოპერაციების განახლების მიზნით.  ნაბიჯს მხარს უჭერს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ვენესუელის ოპოზიცია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ლუსია კასაი და ფაბიოლა ზერპა