LIVE

კანადის პროვინცია ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას გამოცდის

04 ივნ 202219:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1097
კანადის პროვინცია ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას გამოცდის

კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ ბრიტანეთის კოლუმბიას ნებას მისცემს ნარკოტიკების მცირე რაოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციის ექსპერიმენტი ჩაატაროს. 3-წლიანი დეკრიმინალიზაციის მიზანი ზედოზირებით სიკვდილიანობის რეკორდული რაოდენობის შემცირებაა.

ფედერალური ოფიციალური პირების მიერ დამტკიცებული პოლიტიკა არ ახდენს ნივთიერებების ლეგალიზაციას, მაგრამ ახდენს 2,5 გრამამდე უკანონო ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის ფლობის დეკრიმინალიზებას.

3-წლიანი ექსპერიმენტი, რომელიც ძალაში 31 იანვრიდან შევა, 18 წელზე უფროსი ასაკის მომხმარებლებზე გავრცელდება და მოიცავს ოპიოიდებს, კოკაინს, მეტამფეტამინს და MDMA-ს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ექსტაზი.

დანა ლარსენი, ნარკოპოლიტიკის რეფორმის აქტივისტი აცხადებს, რომ ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადაიდგა, თუმცა, მისი თქმით, უმჯობესია უსაფრთხო ნარკოტიკების მიწოდების განვითარება.

"ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება მაღაზიები, სადაც შეგიძლია შეიძინო ლეგალური ჰეროინი, კოკაინი და ექსტაზი ზრდასრულებისთვის. პრობლემის რეალური გადაჭრის გზაა, რომ ამას მივუდგეთ, როგორც ალკოჰოლს და თამბაქოს",- განაცხადა ლარსენმა.

Simon Fraser University-ის ასისტენტ-პროფესორი ალისა გრიერი, რომელიც საჯარო ჯანმრთელობის დოქტორია ამბობს, რომ ნარკოტიკების რეგულირებული დეკრიმინალიზაცია ზედოზირებით გარდაცვალებების რიცხვს შეამცირებს.

ბრიტანეთის კოლუმბია კანადის პირველი პროვინციაა, რომელმაც კანადას ნარკოტიკების შესახებ კანონებიდან გამოყოფის თხოვნით მიმართა.

2001 წელს პორტუგალია პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც ყველანაირი ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოახდინა. ადამიანები, რომლებსაც ნარკოტიკის 10 დღეზე ნაკლები მარაგი აქვთ, ჩვეულებრივ, იგზავნებიან ადგილობრივ კომისიასთან, რომელიც ექიმის, ადვოკატისა და სოციალური მუშაკისგან შედგება. აქ მათ მიეწოდებათ ინფორმაცია მკურნალობისა და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების შესახებ.

2020 წელს ორეგონმა ასევე ხმა მისცა, რომ გამხდარიყო აშშ-ის პირველი შტატი, რომელიც მძიმე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას მოახდენდა. ცვლილების თანახმად, კონტროლირებადი ნივთიერებების შენახვა დანაშაულის ნაცვლად არის ახლად შექმნილი E კლასის „დარღვევა“. ის ითვალისწინებს მაქსიმუმ $100-ის ჯარიმას, რომელიც შეიძლება მოიხსნას, თუ პირი ცხელ ხაზზე ჯანმრთელობის შეფასებისთვის დარეკავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია