LIVE

ნედლი ნავთობის ფასი $113-ს ჩამოსცდა

02 ივნ 202214:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 904
ნედლი ნავთობის ფასი $113-ს ჩამოსცდა

ბარელი ნავთობის ფასი $113-ს ჩამოსცდა. ფასის შემცირებას წინ უძღოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ბაიდენი ესტუმროს საუდის არაბეთს, რომელიც მზად არის უფრო მეტი ნავთობი ამოტუმბოს, სანქციების გამო, რუსეთიდან ნავთობის ნაკადი შემცირების შემთხვევაში. ამის შესახებ ინფორმაცია Financial Times-მა გაავრცელა. 

West Texas Intermediate-ის ფიუჩერსები 3%-ზე მეტად დავარდა, Brent-ის ფასი კი $112,80-ს ჩამოსცდა. 

ნავთობის ფასი იკლებს მაშინ, როცა აშშ-სა და ნავთობის უმსხვილეს ექსპორტიორ საუდის არაბეთს შორის დაძაბული ურთიერთობა უმჯობესდება. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბაიდენი საუდის არაბეთში დე ფაქტო მმართველს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება, რომელიც აქამდე ბაიდენთან შეხვედრას თავს არიდებდა. 

ამან შესაძლოა გზა გაუხსნას სამეფოს, რომ გააძლიეროს წარმოება და დაეხმაროს აშშ-ს, შეამციროს საწვავის ფასები, რომელიც რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. 

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC+) მიწოდების პოლიტიკის განსახილველად ყოველთვიური შეხვედრის გამართვას დღეს გეგმავს. Financial Times-ის ინფორმაციით, შეკრებაზე შესაძლოა, საუდის არაბეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მიწოდების დაუყოვნებლივ გაზრდის შესახებ გამოცხადდეს, რის შესახებაც საუბარი მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

Wall Street Journal-ის ცნობით, OPEC+-ის ზოგიერთი წევრი ნავთობის მოპოვების შეთანხმებებიდან რუსეთის გარიცხვას განიხილავს.

საუდის არაბეთის მიერ წარმოების გაზრდა სიტუაციიდან გამოსავალი იქნება. სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გასულ კვირას აღნიშნა, რომ ნედლი ნავთობის დეფიციტი არ არსებობდა. სავარაუდოა, რომ OPEC+ მომდევნო თვის განმავლობაში წარმოებას დღეში 430,000 ბარელით გაზრდის, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსს ბოლო თვეებში სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა უჭირდა.

RBC Capital Markets-ის თანახმად, ახლა შესაძლებელია, რომ ჯგუფმა ყოველთვიური ზრდა დააჩქაროს. 

მიმდინარე კვირაში ბარელ ნავთობზე ფასმა $120-ს გადააჭარბა. შედეგად, 2011 წლის შემდეგ, თვის ჭრილში ნავთობის ფასის ზრდის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი დაფიქსირდა. ნავთობის ფასის ზრდის მიზეზი ერთი მხრივ, ევროკავშირის ლიდერების მიერ რუსული ნავთობის აკრძალვასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება გახდა, მეორე მხრივ, კი - ჩინეთში "ლოკდაუნის" გაუქმება, რამაც ენერგორესურსზე მოთხოვნა გაზარდა.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია