LIVE

EU წლის ბოლოსთვის რუსული ნავთობის 2/3-ით შემცირებაზე შეთანხმდა - ახალი სანქციები

31 მაი 202209:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 911
EU წლის ბოლოსთვის რუსული ნავთობის 2/3-ით შემცირებაზე შეთანხმდა - ახალი სანქციები
Valeria Mongelli/Bloomberg

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირი სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს. ბლოკი თანხმდება, რომ აკრძალავს რუსეთიდან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვას, რომელსაც ის ზღვის მეშვეობით იღებს. გამონაკლისის სახით, დროებით დაშვებული იქნება ნედლი ნავთობის მილსადენით მიღება. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ გვიან ბრიუსელის სამიტზე განაცხადა.  

ევროკავშირი ნავთობის 2/3-ს ტანკერის, ხოლო 1/3-ს მილსადენ Druzhba-ს მეშვეობით იღებს.

"ეს დაუყოვნებლივ შეეხება რუსეთიდან ნავთობის იმპორტის 2/3-ზე მეტს, რაც ამცირებს მისი ომის მანქანის დაფინანსების უზარმაზარ წყაროს. მაქსიმალური ზეწოლა რუსეთზე ომის დასასრულებლად", - წერს მიშელი Twitter-ში. 

Bloomberg-ის გათვლებით, საზღვაო გზით მიღებული ნავთობის 2/3-ით აკრძალვა რუსეთისთვის წელიწადში $10 მილიარდამდე საექსპორტო შემოსავლის დაკარგვას ნიშნავს, რადგან ის იძულებული ხდება, რომ ნავთობი აზიაში უფრო იაფად გაყიდოს. 

სანქციების დამტკიცებას ბლოკის ყველა წევრის თანხმობა სჭირდება. ოფიციალური პირები და დიპლომატები ტექნიკურ დეტალებზე ჯერ კიდევ უნდა შეთანხმდნენ. საკითხზე ელჩები შეხვედრას ხვალ გეგმავენ. 

უნგრეთი, რომელიც გამონაკლისით ისარგებლებს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ემბარგოს ბლოკავდა და ცდილობდა მიეღო გარანტია, რომ ქვეყნის ენერგომომარაგება არ შეფერხდებოდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ბუდაპეშტმა მიიღო გარანტიები ევროკავშირის ლიდერებისგან, რომ მილსადენების შეფერხების შემთხვევაში, ის ენერგიის მიღებას მაინც შეძლებს.  

წყაროს ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ევროკავშირს წევრ ქვეყნებზე გადაწყვეტილების იძულებაში ადანაშაულებს, მიიჩნევს, რომ დისკუსია ევროკავშირის ლიდერების დონეზე უნდა მოხდეს, რადგან ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არა ტექნიკური საკითხი. ევროკავშირის ლიდერების შემდეგი სამიტი ივნისის ბოლოს არის დაგეგმილი. 

უნგრეთის გარდა, მილსადენიდან ნავთობს იღებს გერმანია და პოლონეთი. თუ ეს ქვეყნები წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტზე უარს იტყვიან, მაშინ ემბარგო ნავთობის 90%-ს შეეხება. ქვეყნები მიანიშნებენ, რომ ნაბიჯისთვის მზად არიან. Bloomberg-ის წყაროს ცნობით, ამის შესახებ გერმანიამ ვალდებულება უკვე წერილობით აიღო. 

უნგრეთისთვის დაწესებული გამონაკლისი დაშვებული იქნება იქამდე, სანამ ბლოკი ალტერნატიულ საშუალებას გამონახავს.  

"უნდა შევძლოთ, რომ მალე დავუბრუნდეთ დარჩენილი 10%-ის საკითხს", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.  

ზოგიერთ ქვეყანას საზღვაო ნავთობის აკრძალვისთვის უფრო დიდი დრო ექნება. ბულგარეთის შემთხვევაში, შესაძლოა, ვადად 2024 წლის ივნისამდე ან დეკემბრამდე პერიოდი იყოს გათვალისწინებული, ხოლო ხორვატიას შეუძლია VGO-ის იმპორტით ისარგებლოს.   

სიახლის გამო, ნავთობის ბაზრებზე რეაქცია შედარებით მშვიდი იყო. სინგაპურში დილის 10:36 საათისთვის ბრენტის ნავთობის ფასი 0,6%-ით გაიზარდა და მიაღწია ორთვიან მაქსიმუმს - ბარელზე $122,43-ს. 

აკრძალვა შეეხება ნავთობის მესამე ქვეყნებში გადაზიდვასთან დაკავშირებულ დაზღვევასაც, მაგრამ სანქციების დაწესებიდან ექვსი თვე არ ამოქმედდება.  

საკითხში გარკვეული პირის ინფორმაციით, გეგმა, რომლითაც რუსებს ევროკავშირში უძრავი ქონების შეძენა აეკრძალებოდათ, შეთანხმებიდან ამოიღეს.  

გასულ წელს რუსეთი მილსადენით ევროპულ ქარხნებში დღეში დაახლოებით 720 000 ბარელ ნედლ ნავთობს აგზავნიდა. სამი პორტიდან საზღვაო გადაზიდვები კი დღეში 1,57 მილიონ ბარელს შეადგენდა. 

ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ სანქციების პაკეტი სხვა ზომებსაც მოიცავს. ესენია:

• სამი რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა. მათ შორისაა რუსეთის უმსხვილესი ბანკი Sberbank.

• რუსული კომპანიებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევისა და რიგი ქიმიური ნივთიერებებით ვაჭრობის აკრძალვა.

• ალინა კაბაევას, პუტინთან ახლო კონტაქტში მყოფი ოლიმპიური ტანმოვარჯიშესა და პატრიარქი კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. წყაროს ცნობით, უნგრეთი პატრიარქის სანქცირების წინააღმდეგი იყო.

• სამხედრო პერსონალის მიმართ, მათ შორის, ბუჩაში ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების დამხმარე კომპანიების წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ხორხე ვალერო, მილდა სეპუტიტე და ალბერტო ნარდელი