LIVE

იუან-რუბლის ვაჭრობა 1 067%-ით გაიზარდა - აშშ-ს კონკურენტები დოლარისგან დისტანცირდებიან

31 მაი 202214:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1104
იუან-რუბლის ვაჭრობა 1 067%-ით გაიზარდა - აშშ-ს კონკურენტები დოლარისგან დისტანცირდებიან

განვითარებადი მრავალპოლარული სამყარო ახლა სავალუტო ბაზრებსაც მოიცავს. ჩინეთი და რუსეთი, აშშ-ს ყველაზე დიდი კონკურენტები, საკუთარ ეროვნულ ვალუტებს შორის პირდაპირი ვაჭრობის გაზრდას ხელს უწყობენ.

იუან-რუბლის წყვილში ვაჭრობის მოცულობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 1 067%-ით, თითქმის $4 მილიარდამდე გაიზარდა. ორი ქვეყანა ცდილობს დოლარზე დამოკიდებულება შეამციროს და აშშ-ს არსებული და პოტენციური სანქციების დასაძლევად ორმხრივი ვაჭრობა გააძლიეროს. ზრდა ასევე ემთხვევა იუანის მიმართ რუბლის გამყარების 5-წლიან მაქსიმუმს.

ეს ნიშანია, რომ რუსები დასავლეთის იმპორტს და საერთაშორისო ბრენდებს ჩინური საქონლით სულ უფრო და უფრო მეტად ანაცვლებენ. ჩინეთისთვის ეს ხელს უწყობს იუანის ინტერნაციონალიზაციას მაშინ, როცა აშშ-სთან დაძაბულობა ამ პროცესს ანელებს.

Bloomberg-ის გამოთვლით, მოსკოვის სპოტ ბაზარზე მაისში რუბლზე 25.91 მილიარდი იუანი ($3.9 მილიარდი) გაიცვალა. ეს 12-ჯერ მეტია, ვიდრე თებერვლის მოცულობა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსის, სტივენ ჩიუს მიხედვით, ჩინეთში Covid-შეზღუდვების მოხსნასთან ერთად შესაძლოა გაიზარდოს ნავთობზე მოთხოვნაც, რაც რუსეთს ევროპული აკრძალვების ჩინური მოთხოვნით დაბალანსებისკენ უბიძგებს.

პარალელურად, დოლარისა და რუბლის წყვილის სავაჭრო მოცულობა დეკადის განმავლობაში ყველაზე დაბლა დაეცა. 

რუსეთისა და ჩინეთის ძალისხმევა, თავი აარიდონ დოლარის ტრანზაქციებს, უფრო ფართო რისკებისგან დისტანცირების სტრატეგიის ნაწილია, რომელიც რამდენიმე განვითარებად ბაზარზე პოპულარობას იძენს.

საუდის არაბეთი ზოგიერთი ნავთობის კონტრაქტისთვის ფასის დაწესებას იუანში გეგმავს, ხოლო ინდოეთი რუპია-რუბლის გადახდის სტრუქტურებზე მუშაობს. გლობალური ცენტრალური ბანკები რეზერვების დივერსიფიკაციას ახდენენ, რამაც ბოლო კვარტალში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ჰოლდინგებში დოლარის წილის 59%-მდე შემცირება განაპირობა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია