LIVE

რუსული ნავთობკომპანიებიდან Rosneft-მა ყველაზე დიდი ზარალი განიცადა

24 მაი 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 793
რუსული ნავთობკომპანიებიდან Rosneft-მა ყველაზე დიდი ზარალი განიცადა

Rosneft-მა, რომელსაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე იგორ სეჩინი მართავს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყველაზე დიდი ზარალი განიცადა.

კომპანია რუსეთში ნავთობის წარმოების შემცირების ორ მესამედზეა პასუხისმგებელი.

დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობას, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის გამოკლებით, რუსულ ნავთობზე აკრძალვა არ გამოუცხადებია. თუმცა, სხვა ფაქტორები, როგორიცაა გადაზიდვის და სადაზღვევო შეზღუდვები და შესუსტებული საშინაო მოთხოვნა, ასევე პუტინის რეჟიმის საჯარო უარყოფა საერთაშორისო კომპანიების მიერ, ქვეყანას აიძულებს ნავთობის წარმოება შეამციროს.

რუსული ნავთობის წარმოება მაისის შუა რიცხვებისთვის დღეში 830,000 ბარელს შეადგენდა, რაც თებერვლის წარმოებას ჩამოუვარდება. Rosneft-ის პროექტებმა, შვილობილი კომპანიის Bashneft-ის მიერ მართული აქტივების ჩათვლით, შემცირებაში დღეში 560,000 ბარელი წარმოადგინეს.

კომპანიის უმოქმედო ჭაბურღილების წილი იანვრის 17%-დან აპრილში 30%-მდე გაიზარდა. გასულ თვეში Bashneft-მა ჭაბურღილების 55%-ზე მეტი შეაჩერა წლის დასაწყისის 27%-თან შედარებით. აპრილის ბოლოსთვის, ორივე კომპანიას რუსულ მწარმოებლებს შორის უმოქმედო ჭაბურღილების ყველაზე დიდი პროცენტი ეკავა.

რუსული ნავთობის წარმოების ვარდნა სხვადასხვა მიზეზების გამოა არათანაბრად გადანაწილებული.

აშშ-ს მიერ იმპორტის შეზღუდვა განსაკუთრებით პრობლემატურია, რადგან გადამამუშავებელ ქარხნებში ნავთობის მარაგებმა სწრაფად დაიწყეს ზრდა, რის გამოც ქარხნების იძულებული გახდნენ საქმიანობა დროებით შეეჩერებინათ.

სიტუაციაზე ასევე იმოქმედა მსხვილი საერთაშორისო ნავთობკომპანიების ქვეყნიდან გასვლამ. Exxon Mobil-მა, Sakhalin-1-ის ოპერატორმა, რუსეთიდან გასვლა გადაწყვიტა, რასაც მაისის შუა რიცხვებისთვის წარმოების დღეში 145,000 ბარელით, ანუ 71%-ით შემცირება მოჰყვა.

სხვა მსხვილი რუსული ნავთობკომპანიებისთვის შეზღუდვების ეფექტები ნაკლებად მძიმე იყო. Lukoil-მა, ქვეყნის მეორე უმსხვილესმა მწარმოებელმა, გამოშვების თითქმის უცვლელად შენარჩუნება შეძლო. Gazprom Neft-ი, რომელიც Gazprom Group-ის ნაწილია, ერთადერთი წამყვანი რუსული ნავთობკომპანიაა, რომელმაც თებერვლიდან მაისამდე პერიოდში წარმოება გაზარდა.

Rosneft-ის რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის მწვერვალზე ასვლა პუტინის ძალაუფლების კონსოლიდაციას უკავშირდება. ოცი წლის წინ ის პატარა კომპანია იყო თავისი ამჟამინდელი წარმოების მხოლოდ მეათედით. თუმცა, შემდეგ ეროვნული ჩემპიონი გახდა მულტიმილიარდიანი შენაძენების წყალობით, მათ შორის აქტივების, რომლებიც სახელმწიფომ Yukos-ს ჩამოართვა 2000-იანების დასაწყისში, ასევე TNK-BP-ის გარიგების 2013-ში და სამი წლის შემდეგ Bashneft-ის პრივატიზაციის ჩათვლით.

ამ გარიგებების შედეგად კომპანია რუსეთის ყველაზე ძველი და მაღალი გადასახადებით დატვირთული საბადოების ოპერატორია დასავლეთ ციმბირში. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს გადაწყვეტილებას ამ კონკრეტულ ნაწილში წარმოების შემცირების შესახებ.

რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის თქმით, მას შემდეგ, რაც მწარმოებლები საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაციას მოახდენენ, ქვეყანაში ნავთობის მოპოვება აღდგება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია