LIVE

ინდოეთი ხორბლის ექსპორტს კრძალავს

14 მაი 202213:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 958
ინდოეთი ხორბლის ექსპორტს კრძალავს
T. Narayan/Bloomberg

ინდოეთმა ხორბლის ექსპორტი აკრძალა. მსოფლიოს სწორედ ინდოეთის იმედი ჰქონდა უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული მიწოდების შეზღუდვების ფონზე.  

საგარეო ვაჭრობის სამინისტრომ 13 მაისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ექსპორტი გაგრძელდება ქვეყნებში, რომლებიც ხორბალს სასურსათო უსაფრთხოებისთვის საჭიროებენ. ყველა სხვა ახალი გადაზიდვა კი დაუყოვნებლივ აიკრძალება.

ხორბლის ექსპორტის შეჩერების გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ინდოეთის შიშს მაღალი ინფლაციის მიმართ, რაც ამძაფრებს სურსათის პროტექციონიზმის ტალღას ომის დაწყების შემდეგ. 

მთავრობები მთელს მსოფლიოში ცდილობენ უზრუნველყონ ადგილობრივი საკვების მარაგი სოფლის მეურნეობის მზარდი ფასების ფონზე. ინდონეზიამ შეაჩერა პალმის ზეთის ექსპორტი, სერბეთმა და ყაზახეთმა კი მარცვლეულის ექსპორტის კვოტები შემოიღეს.

ექსპორტის შემცირება დარტყმას მიაყენებს ინდოეთის სწრაფვას, გამოიყენოს ხორბლის ფასის ზრდა მას შემდეგ, რაც ომმა შეაჩერა სავაჭრო ნაკადები შავი ზღვის რეგიონიდან. Bloomberg News-ი მიმდინარე თვის დასაწყისში იტყობინებოდა, რომ რეკორდულმა სიცხემ დააზიანა სამხრეთ აზიის ქვეყნის ხორბლის მოსავალი, რის გამოც მთავრობა ექსპორტის შეზღუდვებს განიხილავდა. მაშინ სურსათის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ ხედავს ექსპორტის კონტროლის საჭიროებას, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ შეამცირა ინდოეთის ხორბლის წარმოების შეფასებები.

სურსათის სამინისტრომ 4 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოვაჭრეებმა 2022-2023 წლებში 4 მილიონი ტონა ექსპორტის კონტრაქტი გააფორმეს.

მას შემდეგ, რაც ომმა შეაფერხა ლოჯისტიკა შავი ზღვის რეგიონში, რომელიც ხორბლით ვაჭრობის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს, ვაკუუმის შევსებას ინდოეთი ცდილობდა. ქვეყანა მიზნად ისახავს 2022-2023 წლებში რეკორდული, 10 მილიონი ტონა ხორბლის ექსპორტს.

მიუხედავად ამისა, ბოლო კვირების განმავლობაში პრიორიტეტი საშინაო პრობლემები გახდა. ასობით ჰექტარი ხორბლის მოსავალი დაზიანდა ძლიერი სიცხის გამო, რამაც ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში მოსავლიანობის პოტენციური 50%-იანი ვარდნა გამოიწვია.

ეს აჩენს შეშფოთებას შიდა ბაზარზე, რადგან მილიონობით ადამიანისთვის სოფლის მეურნეობა ძირითადი საარსებო წყაროა. მთავრობამ განაცხადა, რომ ხორბლის შესყიდვები მსოფლიოში ყველაზე დიდი სასურსათო დახმარების პროგრამისთვის იქნება გასული წლის დონის ნახევარზე ნაკლები. ექსპორტის აკრძალვა სავარაუდოდ დააზარალებს ფერმერებს და მოვაჭრეებს, რომლებმაც მარცვლეულის მაღალი ფასების მოლოდი ჰქონდათ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პრატიკ პარია