
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მოქალაქეებმა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შეძენის შედეგად, ორ თვეში, ჯამურად 35 მილიონი ლარი დაზოგეს. მისი თქმით, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში მეზობელი ქვეყნიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია ხელმისაწვდომი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
„მიმდინარე წლის მარტი-აპრილის მონაცემებს თუ შევაჯამებთ, ამ თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 50 მილიონი ლარის ნაცვლად, დაახლოებით, 15 მილიონი ლარი გადაიხადა. შესაბამისად, მხოლოდ ამ ორ თვეში, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი დაზოგვა. რაც შეადგენს 35 მილიონ ლარამდე თანხას“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
ჯანდაცვის მინისტრმა თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნა, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, ერთ-ერთ წარმატებულ ნაბიჯად შეაფასა. თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხზე საუბრისას კი ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა მედიკამენტი აკმაყოფილებს წამლის საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს, მათ შორის GMP სტანდარტს.