განათლების სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ხელმძღვანელობას მოუწოდებს, მაქსიმალურად გაითვალისწინოს სტუდენტების მდგომარეობა - უზრუნველყოს სტუდენტურ საცხოვრებელში თავისუფალი ადგილების ათვისება, მათი განთავსება და 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულება.
„უნივერსიტეტები საკუთარი ავტონომიურობის ფარგლებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით თავადვე იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმალურად გაითვალისწინებს სტუდენტების მოთხოვნებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.
დღის ბოლოს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 13 მაისიდან, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი, შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართება.
„შესაბამისი ცვლილება შევიდა „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს ბრძანებაში. რექტორის ბრძანების თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამის თუ მისი კომპონენტების წარმართვის ფორმატის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით. ამასთან, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი და დამატებითი გამოცდები წარიმართება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში. გამონაკლისი დაიშვება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია თსუ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქციები გამართეს და 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულება მოითხოვეს. თსუ სრულად სააუდიტორიო სწავლებაზე 10 მაისიდან გადავიდა.