14 მაისიდან, საფოსტო გზავნილით 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათის მისაღებად მოქალაქეებს დამატებითი თანხის გადახდა მოუწევთ.
კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმებაზე საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
- 300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე – 20 ლარი;
- 3 000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე – 100 ლარი;
- 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე – 300 ლარი.
14 მაისიდან განსაბაჟებელი ამანათი მხოლოდ აღნიშნული თანხის გადახდის და საგადახდო დავალების წარდგენის შემდეგ გაიცემა.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე 10 000 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილებზე მოქალაქეები მომსახურების საფასურს არ იხდიდნენ. "ფორმულას" შემოსავლების სამსახურში დაუდასტურეს, რომ ცვლილებების მიხედვით, ყველა მოქალაქეს, ვინც 300 ლარზე მეტი ღირებულების საქონელს საფოსტო გზავნილით მიიღებს თანხის გადახდა მოუწევს.
რაც შეეხება ცვლილების მიზეზებს, როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, საბაჟო პროცედურებისთვის მომსახურების საფასურებში ცვლილებების მიზანი თვითმომსახურებისა და საქონლის წინასწარი (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) დეკლარირების წახალისებაა.