
რუსეთმა იაპონიის 63 მოქალაქეს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას ქვეყანაში შესვლა “განუსაზღვრელი ვადით” აუკრძალა, იტყობინება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA.
კიშიდას კაბინეტის წევრებს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრს იოშიმასა ჰაიაშის, თავდაცვის მინისტრს ნობუო კიშისა და ფინანსთა მინისტრ შუნიჩი სუზუკის, ასევე აეკრძალათ ქვეყანაში შესვლა. სიაში ასევე არიან პარლამენტის წევრები და სამხედროები.
“ფუმიო კიშიდას ადმინისტრაციამ წამოიწყო უპრეცედენტო ანტირუსული კამპანია. დაუშვებელია რუსეთის წინააღმდეგ მიუღებელი რიტორიკა, მათ შორის ცილისწამება და პირდაპირი მუქარა”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სერია დააწესა. გაიყინა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი ოჯახის წევრების აქტივები.