
Facebook-ის მშობელი კომპანია Meta Platforms-ის აქციები დღეს 19%-ით გაიზარდა და $208,20-ს გადააჭარბა, რაც 2013 წლის ივლისის შემდეგ აქციების ყველაზე დიდი დღიური ზრდაა. ამის მიზეზი Facebook-ის მომხმარებლების რიცხვის მოსალოდნელზე მეტად მატებაა.
Meta-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასული წლის დეკემბრის კვარტალში შემცირების შემდეგ, ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლების რიცხვი ნავარაუდევი 1.94 მილიარდის ნაცვლად, 1.96 მილიარდამდე გაიზარდა.
ამავე პერიოდში კომპანიის შემოსავალი 6,6%-ით გაიზარდა და $27,9 მილიარდს მიაღწია. Meta-ს განცხადებით, რომ არა უკრაინის ომი, შემოსავალი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.
მიმდინარე წელს Meta-ს აქციები თითქმის 50%-ით დაეცა, რადგან ინვესტორები მიიჩნევდნენ, რომ Meta-ს მთავარი ბიზნესი და მოგების წყარო - რეკლამა სოციალურ მედიაში, ეფექტს კარგავდა. გარდა ამისა, გაჩნდა შიში, რომ ახალგაზრდა მომხმარებლები უპირატესობას სხვა ქსელებს (მაგალითად, TikTok-ს) ანიჭებდნენ.
როგორც ჩანს, ინვესტორების შიში ახალმა მონაცემებმა გააქრო. ანგარიშის თანახმად, Facebook-მა ბოლო კვარტალში ყოველდღიურად 31 მილიონი ახალი აქტიური მომხმარებელი ემატებოდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კურტ ვაგნერი