LIVE

Goldman Sachs-ის პროგნოზით, აშშ-ში რეცესიის შანსი 35%-ია

25 აპრ 202212:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 752
Goldman Sachs-ის პროგნოზით, აშშ-ში რეცესიის შანსი 35%-ია

Goldman Sachs-ის მიხედვით, ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება რეცესიის გამოწვევის გარეშე აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემისთვის რთული ამოცანა იქნება. საინვესტიციო ბანკის მიხედვით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში რეცესიის შანსი 35%-მდეა.

Fed-ის მთავარი გამოწვევაა შეამციროს უფსკრული სამუშაო ადგილებსა და მუშაკებს შორის, ასევე შეანელოს ხელფასების ზრდა 2%-იანი სამიზნე ინფლაციასთან თანხვედრაში. ეს შესაძლებელია მოხდეს ფინანსური პირობების საკმარისად გამკაცრებით, რათა შემცირდეს ვაკანსიები, მაგრამ არ გამოიწვიოს უმუშევრობის მკვეთრი ზრდა.

თუმცა, ეგრეთ წოდებული რბილი დაშვება, ანუ მკაცრი მონეტარული პოლიტიკით ინფლაციის შეკავება უმუშევრობის მკვეთრი ზრდისა და რეცესიის გამოწვევის გარეშე, შესაძლოა რთული აღმოჩნდეს, რადგან ისტორიულად ამ დაშორების მკვეთრი შემცირება მხოლოდ რეცესიის დროს ხდება.

რეცესია გარდაუვალი არ არის, რადგან პოსტ-პანდემიური ნორმალიზება შრომის მიწოდებასა და საქონლის ფასებში Fed-ს დაეხმარება. არსებობს მაგალითები 10 მოწინავე ეკონომიკის ჯგუფში, სადაც ბელგია, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, შვედეთი, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი ერთიანდებიან, რომლებმაც ე.წ. რბილი დაშვება მოახერხეს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებულ შტატებში 14 შემჭიდროების ციკლიდან თერთმეტს მომდევნო ორი წლის განმავლობაში რეცესია მოჰყვა, თუმცა აქედან მხოლოდ რვა შეიძლება ნაწილობრივ დავაკავშიროთ Fed-ის მიერ პოლიტიკის გამკაცრებასთან. ამასთან, Goldman Sachs-ის მთავარი ეკონომისტის იან ჰაციუსის თქმით, რბილი დაშვება ბოლო დროს უფრო გახშირდა. მისი გათვლით, რეცესიის შანსი მომდევნო 12 თვეში დაახლოებით 15%-ია.

აშშ-ში გაზრდილი რეცესიის შანსს ხედავენ ეკონომისტები Bloomberg-ის გამოკითხვაშიც, სადაც გასული თვის 20%-დან რეცესიის მოლოდინი 27.5%-მდე გაიზარდა. მათი პროგნოზით სამომხმარებლო ფასების ინდექსი მიმდინარე წლის ბოლო სამ თვეში საშუალოდ 5.7%-ს შეადგენს, რაც ზრდას წარმოადგენს წინა 4.5%-იანი პროგნოზიდან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ მარტინი