LIVE

ბოლო პერიოდში ე.წ. ფიშინგის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა - ეროვნული ბანკი

15 აპრ 202217:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 579
ბოლო პერიოდში ე.წ. ფიშინგის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა - ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის განცხადებით, ბოლო პერიოდში ე.წ. ფიშინგის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მარეგულირებლის ინფორმაციით, მოქალაქეებს სხვადასხვა მობილური აპლიკაციის საშუალებით უცნობი პირები უკავშირდებოდნენ მომხმარებლების მიერ სხვადასხვა ვებგვერდზე გასაყიდად განთავსებული ნივთის ფოსტით გაგზავნის, ან აღნიშნული ნივთის საფასურის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის/გადახდის შეთავაზების მიზნით.

„აღნიშნული პირები მომხმარებლებს უგზავნიდნენ ვებგვერდების ბმულებსაც და მათზე ბარათის, ან სხვა პირადი მონაცემების შევსებას სთხოვდნენ. მომხმარებლის მიერ საკუთარი პირადი, ან საბარათე მონაცემების აღნიშნულ ბმულებზე შეყვანის შემდეგ, უცნობ პირებს მოქალაქის საბანკო ანგარიშებზე წვდომის საშუალება ეძლეოდათ, რის შედეგადაც მომხარებლები ფინანსურად ზარალდებოდნენ. აღნიშნული სქემა ინტერნეტთაღლითობის ერთ-ერთ გავრცელებულ სახეს, ე.წ. ფიშინგს წარმოადგენს“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მარეგულირებელი მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარი პერსონალური და ფინანსური, მათ შორის საბარათე მონაცემების გაზიარებისას. სებ-ი ფინანსური სექტორის მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეიყვანონ უცნობი პირებისგან მოწოდებულ საეჭვო ვებგვერდებზე და არ სცადონ საბანკო, ან საბარათე ოპერაციების განხორციელება.