LIVE

Moody's: შესაძლოა, რუსეთის დეფოლტი უკვე დადგა

15 აპრ 202214:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 847
Moody's: შესაძლოა, რუსეთის დეფოლტი უკვე დადგა

მას შემდეგ, რაც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთმა დოლარის ობლიგაციების რუბლებში გადახდა სცადა, შესაძლოა, 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, უცხოურ ობლიგაციებზე რუსეთის პირველი დიდი დეფოლტი უკვე დადგა. ამის შესახებ მსოფლიო სარეიტინგო სააგენტო Moody's აცხადებს

რუსეთმა 4 აპრილს ორი სუვერენული ობლიგაციის საფასური დაფარა რუბლებში და არა დოლარებში, როგორც ამას ფასიანი ქაღალდების პირობები ავალდებულებდა.   

აქედან გამომდინარე, Moody's-ის განმარტებით, შეიძლება ჩაითვალოს, რომ რუსეთს აქვს დეფოლტი, თუ 4 მაისამდე - საშეღავათო პერიოდის დასასრულამდე სიტუაცია არ შეიცვლება. 

„ობლიგაციების კონტრაქტებში დაფარვისთვის დოლარის გარდა, სხვა ვალუტა გათვალისწინებული არ არის",- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 

Moody's-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის შემდეგ გამოშვებული ზოგიერთი რუსული ევრობონდები გარკვეულ პირობებში, რუსეთს რუბლებში გადახდების საშუალებას აძლევს, 2018 წლამდე გამოშვებული ობლიგაციები, რომლებიც 2022 და 2042 წლებში უნდა დაიფაროს, მსგავს შესაძლებლობას გამორიცხავს.

1998 წელს, ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროს, რუსეთმა ვერ შეძლო $40 მილიარდის საშინაო ვალის გადახდა და გაუფასურდა რუბლი, რადგან აზიის სავალო კრიზისის შემდეგ ის ფაქტობრივად გაკოტრდა, ნავთობის ფასების დაცემამ შეარყია ნდობა რუბლის მოკლევადიანი ვალის მიმართ.  

ამჯერად, რუსეთს აქვს ფული, მაგრამ არ შეუძლია გადაიხადოს, რადგან რეზერვები შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ბრიტანეთისა და კანადის მიერ გაყინულია. 

აღსანიშნავია, რომ დოლარში დენომინირებული ვალის რუბლში გადახდის შემთხვევაში დეფოლტის დადგომაზე გასულ თვეს Fitch Ratings-იც მიუთითებდა.

თუ აშშ დაბლოკავს გადახდას, რუსეთმა განაცხადა, რომ შეეცდება ინვესტორებს რუბლში გადაუხადოს და არა დოლარში. თუმცა, Fitch Ratings-ის მიხედვით, ეს შეიძლება დეფოლტად ჩაითვალოს.

ეს შეიძლება იყოს რუსეთის პირველი ყველაზე მსხვილი დავალიანების დეფოლტი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. საუკუნის წინ - 1918 წელს ბოლშევიკმა რევოლუციონერებმა უარი თქვეს მეფის პირობებში აღებული ვალის გადახდაზე.

რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი აცხადებს, რომ თუ დასავლეთი შეეცდება რუსეთის იძულებას მის სუვერენულ ვალთან დაკავშირებით დეფოლტი გამოაცხადოს, ქვეყანა სამართლებრივ ზომებს მიიღებს. 

მინისტრის თქმით, რუსეთის საგარეო ვალდებულებები მთლიანი სახელმწიფო ვალის დაახლოებით 20%-ს შეადგენს, რომელიც ამჟამად დაახლოებით $261,7 მილიარდია.

მიმდინარე კვირაში ევროპულმა ვალის სააგენტომ რუსეთის რკინიგზის მიერ გამოშვებული ობლიგაციები დეფოლტირებულად გამოაცხადა. ინფორმაციას რუსეთი უარყოფს და აცხადებს, რომ მისი მხრიდან ვალებზე გადახდა დროულად შესრულდა და გადახდის შეფერხებაში შუამავლებს ადანაშაულებს.