LIVE

როგორ აიცილა რუსეთმა დეფოლტი ამ დრომდე - ქვეყანა ვალის გადახდას აგრძელებს

05 აპრ 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 6687
როგორ აიცილა რუსეთმა დეფოლტი ამ დრომდე - ქვეყანა ვალის გადახდას აგრძელებს

მკაცრი ეკონომიკური სანქციების, შემცირებული სავალუტო რეზერვებისა და ბანკების აღელვების მიუხედავად, რუსეთი სახელმწიფო ვალის გადახდას აგრძელებს. განვითარება დამაბნეველია რამდენიმე კვირის წინანდელი მოლოდინების ფონზე, როდესაც სარეიტინგო სააგენტოები თვლიდნენ, რომ დეფოლტი გარდაუვალი იყო, ხოლო მთავრობა საერთაშორისო სესხების რუბლში დაფარვას განიხილავდა.

მოსალოდნელი იყო, რომ მიმდინარე კვირის ორშაბათი რუსული ვალის გამოცდა იქნებოდა, რადგან ქვეყანას აშშ დოლარში 2 მილიარდზე მეტი აქვს გადასახდელი. თუმცა, გასულ კვირას რუსეთმა ვალის დაახლოებით სამი მეოთხედი რუბლით გამოისყიდა, რამაც მისი დოლარის ობლიგაციები შეამცირა, მაგრამ ქვეყანას $552 მილიონი გადასახდელი მაინც დარჩა. ფინანსთა მინისტრს არ განუცხადებია განხორციელდა თუ არა გადახდა.

ყველა გადახდა, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ უწევს, მკაცრი დაკვირვების ქვეშ ექცევა. მარტის შუა რიცხვებში $117 მილიონის გადახდა ოდნავ გადაიდო. თუმცა, JPMorgan Chase-მა და Citibank-მა თანხმობა მოითხოვეს ტრანზაქციების განსახორციელებლად, რათა თავიდან აეცილებინათ რუსეთის პირველი დეფოლტი უცხოური ვალუტის ვალთან დაკავშირებით საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში.

მიუხედავად ამისა, ქვეყნის მომავალ გადახდებზე ინტენსიური ფოკუსი ნარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ობლიგაციების დოლარში დაფარვის მზადყოფნა გამოავლინა, ანალიტიკოსები სვამენ კითხვას, შეუშლის თუ არა ხელს დასავლეთის სანქციები რუსეთის გადახდის შესაძლებლობას. თავდაპირველად აშშ-ის მთავრობამ ვალის გადახდები სანქციებში არ მოაქცია, თუმცა ამ გადაწყვეტილების ვადა 25 მაისს გადის. ორი დღის შემდეგ ქვეყანას პროცენტის სახით დაახლოებით $100 მილიონის გადახდა უწევს. 

რუსეთმა ასევე დაკარგა წვდომა $600 მილიარდის რეზერვებზე უცხოურ ვალუტასა და ოქროში, თუმცა ამას ჯერჯერობით არ შეუშლია ხელი ქვეყნის შესაძლებლობისა და სურვილისთვის, გაეგზავნა უცხოური ვალუტა საზღვარგარეთ. ის ჯერ კიდევ იღებს უცხოურ ვალუტას ბუნებრივი აირის ექსპორტისთვის, ამიტომ რუსეთის შესაძლებლობა, გადაიხადოს ვალები, ამ დროისთვის ნაკლებად წარმოადგენს პრობლემას.

იმის შესახებ, თუ რატომ სურს რუსეთს საკუთარი ვალების მომსახურება, ანალიტიკოსებს მხოლოდ სპეკულირება შეუძლიათ.

"თუ მათ აქვთ მისწრაფებები, დაბრუნდნენ კაპიტალის გლობალურ ბაზრებზე, მაშინ ჯობია, დეფოლტი არ მოხდეს",- განაცხადა კამაკშია ტრივედიმ, Goldman Sachs-ის გლობალური უცხოური ვალუტის გაცვლის, საპროცენტო განაკვეთებისა და განვითარებადი ბაზრების სტრატეგიის თანახელმძღვანელმა. 

თუმცა, სანქციები და რუსული კაპიტალის კონტროლი სხვა ვალების გადახდას აფერხებს. მარტის დასაწყისში რუსეთმა განაცხადა, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის რუბლში დენომინირებული ვალის კუპონის გადახდას არ აპირებდა. თუმცა, ფინანსთა სამინისტროს ვებსაიტზე არსებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ გადახდები განხორციელდა. გაურკვეველია, აქვთ თუ არა უცხოელ ინვესტორებს წვდომა ამ ფულზე.

შემდეგ არიან კომპანიები, რომლებმაც ვალების დროულად გადახდა ვერ შეძლეს, რადგან მათი მფლობელები სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ. მაგალითისთვის, Severstal-ს, ფოლადის გიგანტს, Citibank-ის დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებზე $12,6 მილიონის კუპონის გადახდის დრო ამოეწურა.

და ბოლოს, საკრედიტო სააგენტოებმა ბოლო კვირებში გააუქმეს რეიტინგის შედგენა რუსული ორგანიზაციებისთვის. ტრივედის განცხადებით, ეს ქვეყნის კომპანიებისთვის კაპიტალის მოზიდვას კიდევ უფრო გაართულებს.

”საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოების სრული ჩართულობის გარეშე, ბაზარი, რომელთანაც წვდომა შეეძლოთ, ბევრად უფრო მცირე იქნება",- განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ აშშ-მა რუსეთს ამერიკული ანგარიშებიდან ვალის გადახდა აუკრძალა. ნაბიჯის მიზანია აიძულოს რუსეთი, არჩევანი გააკეთოს სამ არამიმზიდველ ვარიანტს შორის: საკუთარ ქვეყანაში არსებული დოლარის რეზერვების ამოწურვა, ახალი შემოსავლების დახარჯვა ან დეფოლტი.