LIVE

ბრიტანეთში ინფლაცია 7%-მდე გაიზარდა და 30-წლიან მაქსიმუმზეა

13 აპრ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 489
ბრიტანეთში ინფლაცია 7%-მდე გაიზარდა და 30-წლიან მაქსიმუმზეა

დიდ ბრიტანეთში ინფლაცია მარტში 7%-მდე გაიზარდა, რაც 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გაზრდილი ინფლაცია ცხოვრების ღირებულების კრიზისს აუარესებს და ქვეყნის ეკონომიკურ აღდგენას საფრთხეს უქმნის.

კრიზისის მასშტაბები კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდება მიმდინარე თვეში, როდესაც ენერგიის ფასის 54%-იანი ზრდა დაიწყება. ფასები მხოლოდ გასულ თვეში 1.1%-ით გაიზარდა, რაც მარტისთვის  რეკორდულად დიდი ზრდაა.

ცენტრალური ბანკი ელის, რომ როდესაც აპრილის მაჩვენებელი გამოცხადდება ინფლაცია დაახლოებით 8%-ს მიაღწევს. ბანკი მიმდინარე წლის ბოლოს ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლის რისკსაც ხედავს.

ასევე, დაფიქსირდა ინფლაციური ზეწოლის ნიშნები საბითუმო დონეზეც. მწარმოებლების ფასები წინა წელთან შედარებით 11.9%-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ. ნედლეული ფასები 19.2%-ით არის გაზრდილი, ყველაზე მეტად 1997 წლის შემდეგ.

გაიზარდა საქონლის ფასებიც, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ქარხნებიდან გადის. განსაკუთრებით მეტალისა და სატრანსპორტო პროდუქტების მიმართულებით, რომლებიც რეკორდულ დონეზეა. საკვების ღირებულება ბოლო დეკადის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს.

საცალო ფასების ინდექსი, საზომი, რომელიც საპენსიო ბენეფიტებისა და ინფლაციასთან დაკავშირებულ დავალიანებაზე პროცენტის დასადგენად გამოიყენება, ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე დიდი ზრდაა 1991 წლის იანვრის შემდეგ.

დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკი არ არის ერთადერთი, რომელიც დაჩქარებულ ინფლაციას ებრძვის. აშშ-ის სამომხმარებლო ფასები მარტში 8.5%-მდე გაიზარდა, რაც ქვეყნისთვის 1981 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ზრდაა. ფასები აშშ-ში G-7-ის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფად იზრდება, რაც ენერგიის, საკვების და სხვა საქონლისა და სერვისების გაზრდილი ფასებით არის გამოწვეული.

სენტ-ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტი ჯეიმს ბულარდი აცხადებს, რომ აშშ-ის მონეტარული პოლიტიკა იმ დონემდე უნდა გამკაცრდეს, რომ ეკონომიკური ზრდა შეაკავოს. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში პოლიტიკის შემქმნელები საიმედოობას დაკარგავენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ენდრიუ ატკინსონი