LIVE

GameStop-ის აქციების დაბლოკვის გამო კონგრესი მოსმენას მოაწყობს

29 იან 202108:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 638
GameStop-ის აქციების დაბლოკვის გამო კონგრესი მოსმენას მოაწყობს
Yana Paskova/Bloomberg

სენატის საბანკო საქმისა და ფინანსური მომსახურების პანელები საფონდო ბირჟის შესახებ მოსმენებს გამართავენ. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც დეპუტატებმა ორპარტიული აღშფოთება გამოთქვეს ონლაინ ბროკერების მიერ კონკრეტული კომპანიების აქციებით ვაჭრობის აღკვეთასთან დაკავშირებით, მათ შორის მოიაზრება ვიდეო თამაშების რეალიზატორი კომპანიის, GameStop-ის აქციებიც. 

ორპარტიული აღშფოთება RobinhoodApp– ის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც საცალო ინვესტორებისთვის GameStop-ის აქციებით ვაჭრობას ბლოკავს. მაშინ, როცა ჰეჯ-ფონდები კვლავ თავისუფლად შეძლებენ ამ კომპანიის აქციებზე ვაჭრობის გაგრძელება.

”Wall Street-ზე ტრეიდერები მხოლოდ მაშინ იწყებენ წესებზე ზრუნვას, როდესაც თავად ზარალდებიან"- აღნიშნა სენატის საბანკო კომიტეტის თავმჯდომარემ, შერუდ ბრაუნმა.

”დროა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ კონგრესთან ერთად შექმნას შექმნას ისეთი ეკონომიკა, რომელიც მუშაობს ყველასთვის და არა მხოლოდ  Wall Street-ისთვის," დასძინა მან.

ორივე პარტია ამბობს, რომ საცალო ტრეიდერებისთვის ვაჭრობის შეზღუდვა არაკნონიერია და რომ მათ უნდა მიეცეთ ვაჭრობის თავისუფლება, ისევე როგორც ჰეჯ-ფონდებს.

Robinhood-ის ამ ნაბიჯის წინაპირობა GameStop- ის აქციებზე ფასის რადიკალური ზრდა გახდა. კონკრეტულად ამ კომპანიის აქციებზე ტრეიდერების ყურადღების კონცენტრაცია კი სოციალური პლატფორმის, Reddit-ის ერთ-ერთ ჯგუფში, WallStreetBet-ში დაწყებულმა დისკუსიამ გამოიწვია. შედეგად, კომპანიის აქციებმა არნახული აღმასვლა დაიწყო: თუკი ერთი წლის წინ GameStop-ის თითო აქცია $4 ღირდა, ახლა $200 ღირს.

ასეთი აღმასვლა მიუღებელი სცენარი აღმოჩნდა Wall Street-ის ელიტისთვის. ე.წ. შორთ-სელერები, რომლებიც ფსონებს კონკრეტული აქციების ფასის ვარდნაზე დებენ, მნიშნვნელოვნად დაზარალდნენ GameStop- ის აქციების მოულოდნელი ზრდით. შორთ-სელინგის მუშაობის პრინციპი ასეთია: ტრეიდერი ყიდის ნასესხებ აქციებს იმ იმედით, რომ მოკლე პერიოდში მათი ფასი დაეცემა და როგორც კი ეს მოხდება, ის ამავე აქციებს უკან გამოისყიდის უკან დასაბრუნებლად, ფასის სხვაობით მიღებულ მოგებას კი თავად დაიტოვებს. შესაბამისად, როცა ფსონი აქციის ფასის ვარდნაზეა დადებული, საპირისპირო სცენარი ტრეიდერს აზარალებს. 

მოკლე ვაჭრობის შეზღუდვების მიუხედავად, GameStop- ის აქციებმა ხუთშაბათს Russell 2000 Index-ში პირველი ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ აქციების ფასი 68% -ით დაეცა. საბოლოოდ, GameStop- ის აქციებზე ვაჭრობა, ხუთშაბათს 44% -იანი ზრდით დაიხურა, $193.60 ნიშნულზე.

პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ აღნიშნა, რომ შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ  GameStop-ის გარშემო განვითარებული მოვლენები. პროგრესული დემოკრატები კი მიიჩნევენ, რომ მსგავსი შემთხვევების პრევენცია უფრო მკაცრ კონტროლს მოითხოვს. 

”მე მოვაწყობ მოსმენას GameStop- ის და სხვა კომპანიების აქციების გარშემო არსებული საქმიანობის შესასწავლად, რომლებიც ორიენტირებულია შორთ-სელინგზე, ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე, გეიმიფიკაციაზე. ასევე იმის შესასწავლად, თუ რა სისტემური გავლენა აქვს ამ ყველაფერს კაპიტალის ბაზარზე და საცალო ინვესტორებზე” - განაცხადა ფინანსური სერვისების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაქსინ უოტერსმა.

GameStop-ის და Robinhood-ის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა კონგრესის ყურადღება Wall Steet-ის საქმიანობისკენ მიაპყრო. კონგრესმენები ზოგად უთანასწორობაზე და ფინანსური ინსტიტუტების არაკანონიერ ქმედებებზე ალაპარაკდნენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დანიელ ფლეტლი და ერიკ  ვასონი