დღეიდან ყველა ექიმი ვალდებულია, მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ცვლილების შედეგად, ექიმს კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის დასახელებით წამლის გამოწერა ეკრძალება.
„დღეიდან ექიმი ვალდებულია, წამალი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიმე კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით. მას შემდეგ, რაც ექიმი რეცეპტს გამოწერს, ფარმაცევტი მომხმარებელს გენერიკული მედიკამენტების ე.წ. პოზიტიური სიიდან სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. ეს იქნება მისი ვალდებულება. ამის შემდეგ კი, მოქალაქე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი წამალი შეიძინოს. ჩვენი მოლოდინია, რომ გენერიკული რეცეპტების დანერგვით, რისკები, რომლებიც ექიმების, ფარმაცევტების მხრიდან იყო, რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ პრობლემები იყო, ეს რისკები აღმოიფხვრება. ბრენდული, კონკრეტული კომპანიებისა, თუ მწარმოებლების მედიკამენტების შესაძლო ლობირება, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი და წამლების ფასების ხელოვნური ზრდა, დაზღვეული იქნება. ამით პრაქტიკულად პრობლემა მოგვარდება“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ პროცესის შედეგად ფარმაცევტულ ბაზარზე ვითარება რადიკალურად შეიცვლება.
პრემიერმა, მთავრობის სხდომაზე, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების გამოწერის წესის გამკაცრებაზეც ისაუბრა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეიდან, ამ ჯგუფის პრეპარატების რეცეპტი, მატერიალური სახით (ქაღალზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება.