LIVE

იელენი ციფრული გადასახადების შესახებ ევროპელ კოლეგებს ესაუბრა

28 იან 202119:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 366
იელენი ციფრული გადასახადების შესახებ ევროპელ კოლეგებს ესაუბრა
Alex Wong/Getty Images

აშშ-ს სახაზინო მდივანმა, ჯანეტ იელენმა, ბრიტანელ და გერმანელ კოლეგებთან ინტერნეტ გიგანტების დაბეგვრის თაობაზე არსებული დავების გადაწყვეტაზე ისაუბრა. 

სატელეფონო საუბრის დროს, იელენმა და დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა გლობალური ეკონომიკის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილეს. იელენმა გერმანელ კოლეგასთან, ოლაფ შოლცთან, საუბრისას განაცხადა, რომ აშშ აქტიურად ჩაერთვება გადასახადების ”საერთაშორისო შეთანხმების გაფორმებისათვის” გამართულ დისკუსიებში.  

ამ თვის დასაწყისში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანამდებობის დაკავებამდე, ამერიკამ ავსტრია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი იმ ქვეყნების რიგებში შეიყვანა, რომლებიც მსხვილი ამერიკული ონლაინ კომპანიების, მათ შორის, Facebook-ის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომებით გამოირჩევიან. უფრო ადრე, აშშ–ს სავაჭრო წარმომადგენლის ოფისმა მსგავსი დასკვნა ინდოეთის, იტალიისა და თურქეთის წინააღმდეგ გამოაქვეყნა.

გუშინდელი განცხადებები მიანიშნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეიძლება მიუახლოვდეს შეთანხმებას იმის შესახებ, თუ ვინ შეძლებს Facebook-ისა, Google-ს, Amazon-ის თუ სხვა ტექნოლოგიური გიგანტების დაბეგვრას.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ცდილობს 140 ქვეყანას შორის შეთანხმება ზაფხულისთვის შედგეს, რათა საერთაშორისო ტექნიკური გიგანტების დაბეგვრის საკითხთან არსებული ვნებათაღელვა საბოლოოდ დასრულდეს. 

OECD–ს საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრაციის ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან შედარებით, ამ მიმართულებით იელენს უფრო ”კონსტრუქციული მიდგომა” აქვს.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ლორა დევისონი, ალექს მორალესი და სალეჰა მოჰსინი