
Severstal პირველი რუსული კომპანიაა, რომელსაც უცხოურ ვალუტაში პროცენტის გადასახდელად დრო ამოეწურა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და Citigroup-მა ტრანზაქცია დაბლოკა. მას ახლა დეფოლტი ემუქრება.
ფოლადის მწარმოებელმა ვერ შეძლო $12,6 მილიონი ღირებულების ოდენობის ობლიგაციების კუპონის დაფარვა ხუთდღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, რომლის ვადა გუშინ ამოიწურა.
Severstal აცხადებს, რომ თანხის გადახდა სურს, მაგრამ Citigroup, რომელიც კორესპონდენტი ბანკია, გადახდას ბლოკავს.
"ეს ჩვენთვის არაორდინარული სიტუაციაა. ვაგრძელებთ პარტნიორებთან კონსულტაციებს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ობლიგაციების მფლობელებმა მიიღონ თანხა ობლიგაციების ემისიის პირობების შესაბამისად. იმედი მაქვს, ეს უსამართლობა მალე მოგვარდება და ობლიგაციების მფლობელთა უფლებები დაცული იქნება",- თქვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე შეველევმა.
ობლიგაციების ორმა მფლობელმა დღეს დაადასტურა, რომ თანხა არ მიუღია.
მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ კომპანია სანქცირებული არ არის, მისი ძირითადი აქციონერი ალექსეი მორდაშოვი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაშია და ამ იურისდიქციებში, ინდივიდებზე დაწესებული სანქციები ვრცელდება ყველა იმ კომპანიაზე, რომელსაც ისინი ფლობენ ან აკონტროლებენ.
გადახდის გამოტოვება არასასურველი ნაბიჯია როგორც ინვესტორებისთვის, ასევე რუსული კორპორაციებისთვის.
მიუხედავად მრავალი სანქციისა და კაპიტალის კონტროლისა, რუსული კომპანიების უმეტესობა დროულად ახერხებს უცხოურ ვალუტაში ვალების გადახდას. ზოგიერთმა, მაგალითად, რუსეთის რკინიგზამ, დააგვიანა პროცენტის გადახდა, მაგრამ საბოლოოდ მოახერხა ობლიგაციების მფლობელებისთვის თანხების საშეღავათო პერიოდის დასრულებამდე გადარიცხვა.
ანალიტიკოსების შეფასებით, Severstal-ს აქვს ვარიანტი - მიიღოს OFAC-ის ლიცენზია გადახდების განსახორციელებლად, შემდეგ კი კუპონებისთვის გადახდის ვადა თავიდან აითვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფორმალურად დადგება დეფოლტი, რასაც შემდგომში მოჰყვება კრედიტორთა კომიტეტის შექმნა, კონსულტანტების დაქირავება და კომუნიკაცია რესტრუქტურიზაციის კომპანიასთან.
JPMorgan Chase & Co-ის 4 მარტის შეფასებით, დეფოლტის შემთხვევაში, Severstal-ის საერთაშორისო ოპერაციებითა და საჩივრებით შესაძლებელია საგარეო არაუზრუნველყოფილი ვალის მხოლოდ 16%-ის დაფარვა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია