
რუსული ენერგეტიკული კომპანია Gazprom აცხადებს, რომ გერმანია მისმა შვილობილმა კომპანიამ დატოვა.
დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, გაზის მწარმოებელი აღარ ფლობს Gazprom Germania-ს და ყველა სხვა წარმომადგენლობას, მათ შორის, ლონდონში დაფუძნებულ Gazprom Marketing & Trading-ს. განცხადებაში კომპანიების ახალი მფლობელი დასახელებული არ არის.
ახალი მფლობელის შესახებ ინფორმაცია არც Gazprom Marketing & Trading-მა გაამჟღავნა. მისი განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ბაზრისთვის რისკების შესამცირებლად მარეგულირებელ Ofgem-თან მუშაობს.
ევროპაში Gazprom-ის შვილობილი კომპანიები ზეწოლის ქვეშ მოექცნენ, რადგან კლიენტებსა და ბიზნესპარტნიორებს მათთან თანამშრომლობა აღარ სურს.
გაზეთ Handelsblatt-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთიდან ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო Gazprom-ისა და Rosneft-ის შვილობილი კომპანიების შესაძლო კონფისკაციას ან ნაციონალიზაციას განიხილავს.
ამ საკითხს დღეს მოსკოვი გამოეხმაურა. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ეს საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა იქნება.
Gazprom Energy-ის ნაციონალიზაციის გეგმა შეადგინა ბრიტანეთის მთავრობაც. საუბარია Gazprom Marketing & Trading-ზე, რომელიც ქვეყნის ბაზრის მეხუთედს ამარაგებს.
ის ლიკვიდურობის პრობლემების წინაშეა, რადგან ბანკები აჭიანურებენ მის ტრანზაქციებს, პარტნიორები კი მასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია