LIVE

ზელენსკი გერმანიის პარლამენტს: რუსეთი ევროპაში ახალ კედელს აშენებს

17 მარ 202213:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1540
ზელენსკი გერმანიის პარლამენტს: რუსეთი ევროპაში ახალ კედელს აშენებს
Michael Kappeler / dpa

ბრიტანელი, კანადელი და ამერიკელი კანონმდებლების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გერმანიის პარლამენტშიც გამოვიდა. მისი თქმით, ევროპაში აღმართულია “ახალი კედელი”, რომელიც ჩაგრულ სახელმწიფოებს თავისუფალი ქვეყნებისგან ყოფს. 

“ევროპის შუაგულში ისევ არის კედელი. არა ისეთი, როგორც ბერლინში იყო, არამედ თავისუფლებასა და თავისუფლების ნაკლებობას შორის”,- მიმართა კანონმდებლებს უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყოველი დამატებითი ბომბი, რომელსაც რუსეთი ისვრის, ამ კედელს აშენებს, ხოლო დასავლეთის ყოყმანი უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით, ამ კედლის “ქვებია”.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს კედლის აშენებაში გერმანიაც დაეხმარა და მაგალითად Nord Stream 2-ის მილსადენის მიმართ ხანგრძლივი ერთგულება მოიყვანა.

“დაანგრიეთ ეს კედელი. მიეცით გერმანიას ისეთი ლიდერობა, რომელსაც იმსახურებს“,- ამ სიტყვებით კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მიმართა.

უკრაინის პრეზიდენტმა დახმარება ითხოვა, მაგრამ მძიმე ბრალდებები წაუყენა გერმანელ პოლიტიკოსებს. ზელენსკი ბუნდესტაგის წევრებს დაგვიანებულ მოქმედებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სანქციები ძალიან გვიან, ყოყმანის შემდეგ დაწესდა და ბევრი ბიზნესი ახლაც ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას რუსეთთან. 

“რუსეთი გვბომბავს, ანგრევს ყველაფერს, რაც ავაშენეთ. ოკუპანტებმა უკვე მოკლეს 108 ბავშვი ევროპის ცენტრში, 21-ე საუკუნეში. ხალხი ნადგურდება ევროპაში. დაგვეხმარეთ ამ ომის შეჩერებაში”,- მიმართა ზელენსკიმ ბუნდესტაგის წევრებს.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ გერმანელი პარლამენტარები უკრაინის პრეზიდენტს ხანგრძლივი ტაშის ფონზე ფეხზე წამოუდგნენ.