LIVE

თბილისის მერია რუსულ ვაგონებს ყიდულობდა, თუმცა EBRD-მა გადარიცხვა შეაჩერა

11 მარ 202221:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 2060
თბილისის მერია რუსულ ვაგონებს ყიდულობდა, თუმცა EBRD-მა გადარიცხვა შეაჩერა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) შეაჩერა გადარიცხვა, რომლითაც თბილისის მერია მეტროს ვაგონებს რუსული Метровагонмаш-ისგან ყიდულობდა.

170 მილიონ ლარიანი ხელშეკრულების ფარგლებში თანხების გადარიცხვის შეჩერების ფაქტი "ფორმულას" თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, გადაწყვეტილება EBRD-მა მიიღო, თუმცა რა მიზეზით, დედაქალაქის მერი დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. 

"ჯერჯერობით შეჩერებულია. ეს იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად წარმოებული პროექტი, მათ მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომლის გამარჯვებულიც რუსული კომპანია იყო, თუმცა თანხების გადარიცხვა დროებით შეჩერებულია EBRD-ის მხრიდან",- განუცხადა კალაძემ "ფორმულას".

ცნობისთვის, რუსულ კომპანიას ხელშეკრულების ფარგლებში 44 ვაგონი უნდა მოეწოდებინა.

საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ, რომელშიც განმარტებულია, რომ EBRD-ს ხელშეკრულება არ შეუჩერებია.

"EBRD-ის წესებით გამოცხადებულ ორეტაპიან ტენდერში გამარჯვებულად
გამოცხადდა სს "მეტროვაგონმაში", თუმცა კომპანიასთან თანხის გადარიცხვა ამ
ეტაპზე შეჩერებულია.

რაც შეეხება თბილისის მეტროს განახლების პროექტს, რომელიც ევროპის
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამით ხორციელდება, მას
საფრთხე არ ემუქრება და EBRD-ი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას თბილისის მუნიციპალიტეტთან",- აღნიშნულია განცხადებაში.