LIVE

ორბანი: ევროკავშირის სანქციები რუსულ გაზსა და ნავთობს არ შეეხება

11 მარ 202213:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1152
ორბანი: ევროკავშირის სანქციები რუსულ გაზსა და ნავთობს არ შეეხება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირის სანქციები, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა, გაზის და ნავთობის სექტორს არ შეეხება.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დადებითად გადაწყდა. არ იქნება სანქციები, რომლებიც გავრცელდება გაზსა და ნავთობზე, ამიტომ უნგრეთის ენერგომომარაგებას უახლოეს პერიოდში საფრთხე არ ემუქრება”,- აღნიშნა ორბანმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, საფრანგეთში ევროკავშირის ლიდერების სამიტის ფონზე.

რუსეთის წინააღმდეგ ენერგოსანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირში აზრი ორან იყოფა. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უახლოეს პერიოდში რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვას გამორიცხავს, რადგან ამან ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. თუმცა, ეს არ იქნება ძლიერი დარტყმა ეკონომიკურად, თუ სხვა ქვეყნებიც იგივეს არ გააკეთებენ.