
რუსული ნავთობის იმპორტის შესაძლო აკრძალვის შესახებ ევროკავშირის მთავრობების აზრი ორად იყოფა.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის პასუხად, ევროკავშირის ქვეყნების მინისტრები განიხილავენ სანქციების გაფართოებას, მათ შორის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე შეზღუდვებს. რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის, გერმანია ამ ნაბიჯის წინააღმდეგია.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უახლოეს მომავალში რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვა გამორიცხა და თქვა, რომ მას ევროპის ეკონომიკისთვის "არსებითი მნიშვნელობა" აქვს.
მისივე თქმით, გათბობა, ტრანსპორტი და ელექტროენერგია ამჟამად სხვაგვარად უზრუნველყოფილი ვერ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ენერგომომარაგების ალტერნატიული გზების ძიებაშია, კანცლერის თქმით, ეს "ერთ ღამეში" არ მოხდება.
Bloomberg-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი რუსეთის ნავთობის აკრძალვის საკითხს განიხილავს, შემოთავაზებას, სავარაუდოდ, დაუჭერს მხარს იტალია. ნავთობისა და გაზის იმპორტზე აკრძალვისთვის მზადაა სლოვენიაც.
საფრანგეთი, რომლის ენერგომოთხოვნა ძირითადად ბირთვულ ენერგიაზეა დამოკიდებული, ამბობს, რომ საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოში (IEA) ევროპელ პარტნიორებთან გასატარებელი ზომების მიღებაზე მუშაობს.
აშშ და IEA-ს სხვა ძირითადი ეკონომიკები მიმდინარე თვის დასაწყისში შეთანხმდნენ ნავთობის მარაგების კოორდინირებულ განთავისუფლებაზე მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ნედლი ნავთობის ფასები გაზარდა.
"ბევრი მსჯელობა მიდის ენერგეტიკულ სანქციებზე და აქ შეცდომა არ უნდა დავუშვათ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი არ შექმნიან ენერგომომარაგების უმართავ რისკებს ევროპის ქვეყნებსა და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის უკრაინაში",- განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ბრიტანელ და კანადელ კოლეგებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულება სენსიტიური საკითხია. ევროკომისია განიხილავს ევროკავშირის მწვანე შეთანხმების სწრაფ განხორციელებას, როგორც საუკეთესო გამოსავალს წიაღისეული საწვავისგან თავის დასაღწევად.
კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება დღეს წარადგენს ახალ სტრატეგიას მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის, განახლებადი ენერგიის გაზრდისა და ენერგოეფექტურობის გასაძლიერებლად. გუშინ მან ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შესახებ.
იტალიის პრემიერ-მინისტრო მარიო დრაგი, რომელიც ფონ დერ ლაიენს გუშინ შეხვდა, ამბობს, რომ ევროკავშირი კრიზისის შედეგების სრულ სპექტრთან გამკლავებაში ერთიანი უნდა იყოს. მათ შორის მოიაზრება მოქალაქეებისა და კომპანიების ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვა.
"იტალია მოწოდებულია, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულება სწრაფად შეამციროს",- განუცხადა მან ჟურნალისტებს და დასძინა, რომ გასული კვირის ბოლოს ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ესაუბრა ნავთობით მდიდარი კატარის ხელმძღვანელობას.
პარალელურად იზრდება რუსულ ენერგიაზე სანქციების შემოღების მოთხოვნა ევროპარლამენტში.
"პუტინი აქამდე არ შეშინებულა და შეუფერხებლად აგრძელებს ომს უკრაინის წინააღმდეგ. ახლა უნდა ვისაუბროთ ევროკავშირის ნავთობის სანქციებზე და იმაზე, მისაღებია თუ არა ეს შედეგები ჩვენთვის ევროკავშირში“,- თქვა კანონმდებელმა, "მწვანეების" სპიკერმა კლიმატისა და ენერგეტიკის საკითხებზე, მაიკლ ბლოსმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას ევროპელი მოკავშირეების მონაწილეობის გარეშე განიხილავს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აზიის ვაჭრობაში ნავთობის ფასი ბარელზე $139 დოლარამდე გაიზარდა.
ევროპის რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება გადამწყვეტი ფაქტორია კონტინენტის ლიდერების მხრიდან რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხო ქმედებებში. გასულ თვეში ბერლინმა $11 მილიარდიანი Nord Stream 2-ის პროექტი შეაჩერა. პარალელურად, ევროკავშირი აცხადებს, რომ წელს რუსეთიდან იმპორტის საჭიროების თითქმის 80%-ით შემცირებაზე მუშაობს.
პარალელურად, რუსეთი ევროპას Nord Stream 1-ის მილსადენის საშუალებით ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ევა კრუკოვსკა, ალბერტო ნარდელი და ჟასმინა კუზმანოვიჩი