
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები სრულად აკრძალავს რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტს.
ბაიდენის განცხადებით, გაზის ფასების გაზრდის საფრთხის მიუხედავად, გადაწყვეტილებას აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ამ ნაბიჯით "ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს" პუტინის ხელისუფლებას.
"ჩვენ არ გვინდა პუტინის ომის სუბსიდირება",- თქვა ბაიდენმა.
ბაიდენის განცხადების მოლოდინში ნავთობი გაძვირდა. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 5%-ზე მეტად, ბარელზე $130-მდე გაიზარდა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსული ნავთობის იმპორტზე უარს ამბობს გაერთიანებული სამეფოც. ქვეყანა მის აკრძალვას ეტაპობრივად, რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმავს. Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს აკრძალვა რუსულ გაზს არ ეხება.
რაც შეეხება ევროკავშირს, რომელიც აშშ-სთან შედარებით, უფრო მეტად არის რუსულ ენერგიაზე დამოკიდებული, რუსული ნავთობის იმპორტის შესაძლო აკრძალვის შესახებ ევროკავშირის მთავრობების აზრი ორად იყოფა.
აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსულმა ნავთობმა გასულ წელს აშშ-ში იმპორტირებული ნედლი ნავთობის დაახლოებით 3% - დღეში 600 000 ბარელი შეადგინა. მთლიანობაში, რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე აშშ-ის მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 8% მოდის.
შედარებისთვის, ევროსტატის მონაცემების მიხედვით, ევროპას დღეში დაახლოებით 4 მილიონი ბარელი რუსული ნედლი და რაფინირებული პროდუქცია შეაქვს. ევროკომისიის მონაცემებით, 2019 წელს ევროპის ნედლი ნავთობის იმპორტის 27% რუსეთზე მოდიოდა.