LIVE

Goldman Sachs-ი რუსეთს ტოვებს

10 მარ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 588
Goldman Sachs-ი რუსეთს ტოვებს
Scott Eells/Bloomberg

Goldman Sachs Group-ი აცხადებს, რომ რუსეთში ოპერაციების დახურვას გეგმავს, რითაც ის გახდა Wall Street-ის პირველი ძირითადი ბანკი, რომელიც რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ტოვებს. 

"Goldman Sachs-ი წყვეტს საქმიანობას რუსეთში მარეგულირებელი და სალიცენზიო მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი კლიენტების მხარდაჭერაზე მთელს მსოფლიოში, ბაზარზე არსებული ვალდებულებების მართვასა ან დახურვაზე და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე“,- ნათქვამია კომპანიის მიერ დღეს ელექტრონული ფოსტით გავრცელებულ განცხადებაში. 

ბანკი ბოლო წლების განმავლობაში განაგრძობდა რუსეთში მუშაობას, მაგრამ ეს ბაზარი მისთვის გლობალური საბანკო ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილს არ წარმოადგენდა. 

2021 წლის ბოლოს, რუსეთში ფირმის მთლიანი საკრედიტო ექსპოზიცია შეადგენდა $650 მილიონს, რომლის უმეტესი ნაწილი დაკავშირებული იყო არასუვერენულ კონტრაგენტებთან ან მსესხებლებთან.

მიუხედავად იმისა, რომ Goldman რუსეთს ტოვებს, ფირმა კვლავ განაგრძობს ქვეყანასთან დაკავშირებული კორპორაციული ვალით ვაჭრობას, ბანკის მიერ ფასის ცვლილებებზე ფსონების დადების გარეშე. 

თანამშრომლების ნაწილის თხოვნით, Goldman-ს რუსეთში არსებული პერსონალი მიმდინარე თვის დასაწყისიდან დუბაიში გადაჰყავს.

მიუხედავად იმისა, რომ Goldman ჯერჯერობით Wall Street-ის პირველი ფირმაა, რომელიც რუსეთს ტოვებს, Citigroup-მა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანაში ოპერაციების გაგრძელების საკითხს განიხილავს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შრიდარ ნატარაჯანი