LIVE

გერმანია რუსეთისთვის სანქციების გაფართოების და SWIFT-დან Sberbank-ის გათიშვის წინააღმდეგია

09 მარ 202219:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1586
გერმანია რუსეთისთვის სანქციების გაფართოების და SWIFT-დან Sberbank-ის გათიშვის წინააღმდეგია

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მორიგ სანქციებს ამზადებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის ენერგოსექტორისა და უდიდესი ბანკის მიმართ შეზღუდვების გაძლიერების მთავარი მოწინააღმდეგე გერმანიაა.  

გამოცემა დიპლომატებსა და მის მიერ გაცნობილ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ ბერლინი წინააღმდეგობას უწევს Sberbank-ის SWIFT-დან გათიშვას.

Sberbank, რომელზეც რუსეთის საცალო დეპოზიტების დაახლოებით ნახევარი მოდის, SWIFT-დან გაძევებულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის არ მოხვდა, რადგან ის რუსული ენერგიის იმპორტის გადახდისთვის ერთ-ერთი მთავარი შუამავალი ბანკია. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მოითხოვენ, რომ სანქციების სია გაფართოვდეს, რადგან რუსეთი აძლიერებს უკრაინაზე თავდასხმას. 

დოკუმენტების მიხედვით, დიპლომატიური შეხვედრების დროს, გერმანია ამ ნაბიჯის გამო, სხვა ქვეყნებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. კანცლერი ოლაფ შოლცი ასევე საჯაროდ გამოვიდა სიტყვით და ისაუბრა თავშეკავებაზე იმ სანქციების მიმართ, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ენერგიაზე.

მან მიმდინარე კვირაში თქვა, რომ რუსეთიდან ენერგიის იმპორტის აკრძალვას არ ემხრობა, რადგან ნავთობისა და გაზის მიწოდებას ევროპული ეკონომიკისთვის "არსებითი მნიშვნელობა" აქვს. 

მას შემდეგ, რაც გერმანიამ პირობა დადო, რომ უკრაინას იარაღს მიაწვდის და ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდის, ქვეყანა კვლავ ხდება კრიტიკის ობიექტი, რადგან ის ცდილობს დაიცვას თავისი ეკონომიკა, რომლის ენერგომომარაგება დიდწილადაა რუსეთზე დამოკიდებული.

"გერმანიამ გმირობა ჩაიდინა? არა, თქვენ ძალიან ცოტას აკეთებთ",- ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანულ გაზეთთან ინტერვიუში. 

ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ დამატებითი ფინანსური სანქციების შესახებ დისკუსიები მიმდინარეობს და არაფერია გამორიცხული.

ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა თქვა, რომ დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები, მათ შორის იტალია,  SWIFT-თან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს, თუ ეს ევროკავშირის ერთიანი პოზიცია იქნება. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ამ ზომას ევროკავშირის სხვა მაღალჩინოსნები ასევე მხარს დაუჭერენ. 

ევროკავშირის დიპლომატებისა და ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, გერმანიამ ასევე გამოთქვა შეშფოთება პორტებზე წვდომის შეზღუდვის ინიციატივასთან დაკავშირებით, რადგან ამ ზომამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ისეთი საქონლის ვაჭრობას, რომელიც არ არის სანქცირებული.

გერმანია და სხვები ქვეყნები ასევე ეწინააღმდეგებიან ევროკავშირს, რომ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი ბლოკმაც აკრძალოს. ევროპული ქვეყნები უფრო მეტად არიან დამოკიდებული რუსულ საწვავზე, ვიდრე აშშ, რის გამოც მთავრობები ღელავენ, რას მოუტანს ეს ნაბიჯი ქვეყანაში ბიზნესს და მომხმარებლებს.

დღეს ნავთობი კიდევ გაძვირდა და ბარელზე $126-ს გადააჭარბა. უკრაინაში შეჭრის შემდეგ ნიუ-იორკში ფიუჩერსები 35%-ზე მეტად გაიზარდა. ევროკომისიის ცნობით, ევროპის ნავთობის იმპორტის მეოთხედზე მეტი რუსეთზე მოდის.

ევროკავშირის აღმასრულებელი უწყება აღნიშნავს, რომ ევროპას ნავთობისა და ქვანახშირის უფრო მეტი პოტენციური ალტერნატივა აქვს, ვიდრე გაზის. რუსეთი ევროკავშირის მთლიანი მოხმარების 40%-ზე მეტს უზრუნველყოფს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალბერტო ნარდელი, მაიკლ ნიენაბერი და კიარა ალბანეზი