LIVE

სანქციების გამო რუსული კომპანიები ჩინეთში საბანკო ანგარიშების გახსნას ჩქარობენ

03 მარ 202216:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1921
სანქციების გამო რუსული კომპანიები ჩინეთში საბანკო ანგარიშების გახსნას ჩქარობენ

ჩინეთის სახელმწიფო ბანკის მოსკოვის ფილიალში რუსული ფირმებისგან, რომელთაც ახალი ანგარიშების გახსნა სურთ, მოთხოვნა გაიზარდა. რუსული ბიზნესი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საერთაშორისო სანქციებს ებრძვის.

გაურკვეველია, რამდენად დიდი მოთხოვნაა ახალ ანგარიშებზე ჩინეთის ბანკებში, თუმცა Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბევრი ბიზნესი, რომელიც ახალ ანგარიშებს ხსნის ჩინეთთან საქმიან ურთიერთობას აწარმოებს. წყაროს თქმით, ასეთი ფირმების მხრიდან იუანში ტრანზაქციების ზრდაა მოსალოდნელი.

დასავლეთი რუსეთს გლობალური ფინანსური სისტემიდან თიშავს და საერთაშორისო კომპანიებს ქვეყანაში გაყიდვების შეჩერების, ბაზრის დატოვების და ათობით მილიარდი დოლარის ინვესტიციების მიტოვებისკენ უბიძგებს.

პარალელურად, ჩინეთმა არაერთხელ გამოთქვა წინააღმდეგობა სანქციების მიმართ და მათ არაეფექტური უწოდა. ქვეყანა აცხადებს, რომ რუსეთთან ნორმალურ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს შეინარჩუნებს.

მოსკოვში რამდენიმე ჩინური სახელმწიფო ბანკი ფუნქციონირებს, მათ შორის Industrial & Commercial Bank of China, Agricultural Bank of China, Bank of China და China Construction Bank-ი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბაზრიდან გამავალი დასავლური კომპანიების მზარდი რაოდენობის ფონზე განვითარებადი ბაზრის გიგანტის სურვილი, განაგრძოს საქმიანი ურთიერთობები მოსკოვთან, ღრმა განხეთქილებას უსვამს ხაზს. მიმდინარე ტენდენციამ შესაძლოა, გლობალურ ვაჭრობაში აშშ დოლარის დომინირებას საფრთხე შეუქმნას.