LIVE

ექსტრემალურმა ამინდმა ევროპაში 40 წელიწადში 142,000 ადამიანი იმსხვერპლა

06 თებ 202212:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 936
ექსტრემალურმა ამინდმა ევროპაში 40 წელიწადში 142,000 ადამიანი იმსხვერპლა
Keld Navntoft/Keld Navntoft

გასული 40 წლის განმავლობაში სიცხის, წყალდიდობისა და სხვა ექსტრემალური ამინდის გამო, ევროპაში 142 000 ადამიანი დაიღუპა. ევროპის ეკონომიკას მასთან გამკლავება 500 მლრდ ევროზე მეტი დაუჯდა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული გარემოს სააგენტომ (EEA) გაავრცელა. 

ე.წ. „კლიმატის მოვლენებმა“, როგორიცაა სიცხე, ასევე სიცივე, გვალვა და ტყის ხანძრები, ფინანსური ზარალის 22% შეადგინა. 

ფინანსური თვალსაზრისით, ყველაზე ხარჯიანი კატასტროფა იყო  წყალდიდობა, რომელზეც მთლიანი ხარჯის 44% მოდის, მას 34%-ით მოსდევს ქარიშხალი. 

მხოლოდ 2003 წლის სიცხემ ევროპის 32 შესწავლილ ქვეყანაში გამოიწვია დაახლოებით 80 000 ადამიანის სიკვდილი. ამ ქვეყნებს შორისაა ევროკავშირის 27 სახელმწიფო, ასევე თურქეთი და გაერთიანებული სამეფო.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის შეფასებით, ამინდთან დაკავშირებული კატასტროფების რიცხვი გასულ 50 წლის განმავლობაში გლობალურად გაიზარდა. მათ მეტი ზიანი მიაყენეს ეკონომიკას, მაგრამ შემცირდა ბუნებრივი მოვლენების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი. 

EEA მიიჩნევს, რომ ბოლო 40 წლის მონაცემები არ იძლევა საშუალებას დარწმუნებით ითქვას, რომ ყველა მოვლენის მიზეზი კლიმატის ცვლილებაა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ამ მიზეზით ასეთი ბუნებრივი მოვლენები, მათ შორის ქარიშხალი, წყალდიდობა, მეწყერი, გვალვა და ტყის ხანძარი, მომავალში გახშირდება. 

EEA აცხადებს, რომ ექსტრემალურ მოვლენებთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასაცილებლად და ზიანის შესამცირებლად მნიშვნელოვანია ზომების მიღება როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფო დონეზე. 

"2003 წლის შემდეგ, ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელების წყალობით (როგორიცაა კონდიცირების დამონტაჟება) მსგავსმა სიცხემ გამოიწვია ნაკლები სიკვდილიანობა",- აღნიშნულია მოხსენებაში.

ეროვნულ დონეზე ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად დაზარალდა გერმანია. ქვეყანაში აღნიშნულ მოვლენებს 42,000 ადამიანი ემსხვერპლა. ფინანსურმა ზარალმა 107 მილიარდი ევრო შეადგინა. მას 26700 დაღუპულითა და 99 მილიარდი ევროს ზარალით საფრანგეთი მოჰყვება. 

ევროპის მასშტაბით მატერიალური ზიანის მხოლოდ 23% იყო დაზღვეული, თუმცა ეს მაჩვენებელი ქვეყნებს შორის განსხვავდება. 

ამერიკული მეტეოროლოგიური სააგენტოს NOAA-ს შეფასებით, 1980 წლიდან შეერთებულ შტატებს თავს დაატყდა 310 მეტეოროლოგიური და კლიმატური კატასტროფა, რომელთა მიერ მიყენებული ზარალი $2,155 მილიარდს აღემატება.