
მარკ ცუკერბერგმა შესაძლოა $24 მილიარდი დაკარგოს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ერთდღიანი კლება იქნება. Meta Platforms-ის მეოთხე კვარტლის მოგება შეფასებებს ჩამოუვარდება.
2021 წლის მეოთხე კვარტალში Facebook-ის ყოველთვიურ მომხმარებელთა ზრდა არ დაფიქსირებულა, რაც აჩენს კითხვებს კომპანიის მომავალ ზრდასთან დაკავშირებით. 2 თებერვალს Meta-ს აქციების ფასი დაახლოებით 20%-ით დაეცა, რამაც კომპანიის საბაზრო ღირებულება $180 მილიარდით შეამცირა.
ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს დარჩება დაახლოებით $97 მილიარდის წმინდა ქონება. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, 2015 წლის შემდეგ პირველად, ცუკერბერგი მსოფლიოს 10 უმდიდრეს ადამიანს შორის აღარ იქნება.
ერთ დღეში $24 მილიარდის დაკარგვა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზარალი იქნება. მას კონკურენციას მხოლოდ ილონ მასკის ქონების რყევები უწევს. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ნოემბერში ერთ დღეში $35 მილიარდი დაკარგა. გასულ კვირას მისი ქონება $25,8 მილიარდით შემცირდა.
შემოსავლის კლება Meta-ს პრობლემებს კიდევ უფრო ართულებს. ის მარეგულირებლებთან ბრძოლის შუაგულშია, ასევე ცდილობს გაამართლოს სტრატეგიული ცვლილება და ფსონი დადოს მეტავერსზე. იმავდროულად, სხვა პლატფორმები, როგორიცაა TikTok-ი და YouTube, პოპულარობას იძენს ახალგაზრდა მომხმარებლებს შორის.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სკოტ კარპენტერი