COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების "ბუსტერ" დოზები 50 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში ომიკრონით გამოწვეული სიკვდილის რისკს 95%-მდე ამცირებს. ამის შესახებ "გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტო" (UKHSA) აცხადებს.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვაქცინის ორი დოზის მიღებიდან დაახლოებით 6 თვეში 50+ ჯგუფში ომიკრონ შტამით ინფიცირების შემთხვევაში, გარდაცვალების დაცვის მაჩვენებელი 60% იყო. "ბუსტერის" გაკეთებიდან ორ კვირაში, ეფექტურობა 95%-მდე გაიზარდა.
UKHSA-ს განმარტებით, დაკვირვებამ აჩვენა, რომ "ბუსტერ" დოზები მაღალი პროცენტით იცავს ადამიანებს ჰოსპიტალიზაციისგან. Pfizer-BioNTech-ით აცრის შემთხვევაში, ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა გამოავლინა. "ბუსტერით" აცრიდან 10-14 კვირაში ეს მაჩვენებელი 75%-მდე შემცირდა.
რაც შეეხება Moderna-ს, მე-3 დოზის გაკეთებიდან 9 კვირამდე ვადაში ჰოსპიტალიზაციის დაცვის ეფექტურობა 90-95% იყო.
"მონაცემები ნათელია – ვაქცინა ყველას გვეხმარება დავიცვათ COVID-19-ისგან და "ბუსტერი" უზრუნველყოფს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან მაღალი დონის დაცვას ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველ წევრებში”,- ამბობს UKHSA-ს იმუნიზაციის ხელმძღვანელი, მერი რამსი.
სააგენტომ ასევე გამოაქვეყნა ომიკრონის ქვევარიანტი, BA.2-ის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობის წინასწარი მონაცემები. კვლევის მიხედვით, ვაქცინები სიმპტომატური დაავადებისგან დაცვის მსგავს ხარისხს უზრუნველყოფს.
UKHSA-ს განცხადებით, ორი დოზის მიღებიდან 25 კვირის შემდეგ, BA1 და BA2 ქვეშტამების წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობა 9% და 13% იყო. "ბუსტერით" აცრიდან ორ კვირაში ეს მაჩვენებელი BA1-ს შემთხვევაში 63%-მდე, ხოლო BA2-ის წინააღმდეგ 70%-მდე გაიზარდა.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ომიკრონის ორივე ქვევარიანტი დაფიქსირებულია.