
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 42% კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს და მხოლოდ 25% აცხადებს მზაობას აცრაზე.
გამოკითხულთა 29% აცხადებს, რომ უკვე გაიკეთა ვაქცინა, ხოლო სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები ვაქცინაზე უარის თქმის მთავარ მიზეზად ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობას (38%) ასახელებს. აუცრელობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოკითხულთ 20% უკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ვაქცინირებული მოსახლეობის 34% ბუსტერ დოზის გაკეთებას არ აპირებს, ან გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ნახევარი მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს. 43% უკმაყოფილოა, ხოლო 7%-ს პასუხი არ ააქვს.
მოსახლეობის 37%-ს პანდემიასთან დაკავშირებით ცუდი მოლოდინები აქვს.31% ფიქრობს, რომ პანდემია დასასრულს უახლოვდება, ხოლო 12%-ის მოსაზრებით კორონავირუსი არ წარმოადგენს დიდ პრობლემას.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის 64% დარწმუნებულია, რომ ვაქცინაციის შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვს. 33% ინფორმაციის ნაკლებობაზე მიუთითებს.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა, 59% ბავშვების ვაქცინაციის წინააღმდეგია, ხოლო თანხმობას 26% აცხადებს. 15% გაურკვევლობაშია.
კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. ის საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4%.