LIVE

Netflix-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე პირველი სხდომა გაიმართა

25 იან 202215:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1046

ნონა გაფრინდაშვილის დაცვის მხარეს მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე Netflix-ის მოთხოვნას, სარჩელის შეწყვეტის თაობაზე, არ დააკმაყოფილებს. 

„მოსამართლის გადაწყვეტილებას მოუთმენლად ველოდებით, რომელიც გონივრულ ვადაში, მიმდინარე, ან მომავალ კვირაში უნდა მივიღოთ. მოლოდინები პოზიტიური გვაქვს“,- განაცხადა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატმა და იურიდიული ფირმა BLB-ის პარტნიორმა ანა რეხვიაშვილმა.

ადვოკატის ვარაუდით, საქმის არსებითი განხილვაც მოკლე ვადაში დასრულდება და გადაწყვეტილება ცნობილი თებერვლის შუა რიცხვებამდე გახდება. 

„ვფიქრობთ, არსებითი განხილვაც მოკლე ვადაში დასრულდება. საქართველოში მიჩვეულები ვართ, რომ სასამართლო პროცესები დიდხანს გრძელდება და პირველ ინსტანციაშიც გადაწყვეტილებებს ხშირად რამდენიმე წელი ველოდებით. ამ დავის მიმართ მსგავსი მოლოდინი არ გვაქვს. ამერიკაში სულ სხვა საპროცესო სტანდარტები და რეგულაციებია, მათ შორის, ვადებთან დაკავშირებით.

უნდა აღვნიშნო, რომ მოსამართლე ვირჯინია ფილიპსს, რომელიც საქმეს განიხილავს, დაანონსებული აქვს, რომ პენსიაზე გასვლის უფლებას გამოიყენებს. დაახლოებით თარიღად თებერვლის შუა რიცხვებია მითითებული. არსებობს ალბათობა, რომ მოსამართლე საქმის არსებით განხილვას სწორედ ამ პერიოდამდე დაასრულებს, თუმცა ვნახოთ, წინასწარ ამ თემით სპეკულირება, ალბათ, მართებული არ იქნება“,- აღნიშნა ანა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, Netflix-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა ამერიკის შეერთებულ შტატებში 24 იანვარს გაიმართა. 

მოჭადრაკემ კალიფორნიის სასამართლოს გასული წლის სექტემბერში მიმართა. საჩივარი ფილმში გაჟღერებულ დეზინფორმაციას უკავშირდება. გაფრინდაშვილის თქმით, სიცრუეა, რომ მას არასდროს უთამაშია მამაკაცის წინააღმდეგ. ქართველი მოჭადრაკე ამტკიცებს, რომ ფილმ „ლაზიერის გამბიტის“ რეჟისორმა მის შესახებ სიმართლე შეცდომით კი არა, განზრახ დაამახინჯა. ის Netflix-ს უჩივის და კომპენსაციას ითხოვს.