LIVE

რუსეთში ექსპორტი გაიზარდა - რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთის ბაზარზე

21 იან 202214:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 3141
რუსეთში ექსპორტი გაიზარდა - რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთის ბაზარზე

ბოლო ათწლეულია რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის სტატუსს ინარჩუნებს. 2021 წელს 10.2%-იანი წილით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, თურქეთის შემდეგ.

„საქსტატის“ მონაცემებით, რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს $1.6 მილიარდს გადააჭარბა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტის 38%-იანი ზრდის მიუხედავად, იმპორტი ექსპორტს მნიშვნელოვნად აჭარბებს. კერძოდ, საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ $610 მილიონს მიაღწია, ხოლო იმპორტმა $1 მილიარდს მცირედით გადააჭარბა და წლიურად 16%-ით გაიზარდა.

რუსეთზე მთლიანი ექსპორტის 14.4% მოდის და ის მეორე უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია ჩინეთის შემდეგ. რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები შემდეგია:

  • ფეროშენადნობები - $171.7 მილიონი / 104.7 ათასი ტონა;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $139.7 / 47.3 თასი ტონა;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - $60.9 მილიონი / 107.4 ათასი ტონა;
  • სპირტიანი სასმელები - $41.2 მილიონი /  9.9 ათასი ტონა;
  • ახალი გარგარი, ბალი, ალუბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნაშო - $26.6 მილიონი / 24.9 ათასი ტონა.

რუსეთი ასევე მეორეა უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორებს შორის და მთლიან იმპორტში 10.2%-იანი წილი უჭირავს. რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $134.6 მილიონი / 224.7 ათასი ტონა;
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყლები - $96.8 მილიონი / 319.1 ათასი ტონა;
  • ხორბალი და მესლინი - $87.4 მილიონი / 337.6 ათასი ტონა;
  • მზესუმზირის ზეთი - $41.6 მილიონი / 28.3 ათასი ტონა;
  • სატელეფონო აპარატები - $37.2 / 46.3 ტონა.

ბაზრების დივერსიფიცირება, კერძოდ კი არაერთი მიმართულებით რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის 62% რუსეთზე მოდიოდა. რუსული ელექტროენერგიის შესყიდვა საქართველოში $12 მილიონი დაუჯდა. ამასთან, რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ძირითად საექსპორტო ბაზრად და 2021 წელს გაყიდული ღვინის 57% სწორედ რუსეთზე მოდის.