LIVE

რუსეთი საექსპორტო გადასახადს ამცირებს - საქართველოში შესაძლოა ზეთი გაიაფდეს

17 იან 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 2126
რუსეთი საექსპორტო გადასახადს ამცირებს - საქართველოში შესაძლოა ზეთი გაიაფდეს

1-ლი თებერვლიდან რუსეთის ფედერაცია მზესუმზირის ზეთზე ექსპორტის გადასახადს ტონაზე $280.8-დან $251.4-მდე ამცირებს, რაც შესაძლოა საქართველოში ზეთის გაიაფების წინაპირობა გახდეს.

საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტის, ივა ჭყონიას განცხადებით, ამ შემთხვევაში მზესუმზირის ზეთი საქართველოშიც გაიაფდება, თუმცა რამდენით ამის თქმა უჭირს.

„ზეთის ძირითადი იმპორტიორი საქართველოში რუსეთია. თუ იქ ექსპორტის გადასახადს შეამცირებენ ეს ფასების შემცირებას საქართველოშიც გამოიწვევს. თუმცა, რამდენით ამის თქმა შეუძლებელია, ვინაიდან რუსეთიდან სხვადასხვა ხარისხის და ფასის ზეთის იმპორტი ხდება. კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ ყველა იმპორტიორი შეამცირებს ფასებს“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ ჭყონიამ.

sfera.fm-ის ინფორმაციით, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეს ნაბიჯი, პროდუქციის ექსპორტის წასახალისებლად გადადგა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 1 სექტემბრიდან რუსეთის ფედერაციამ მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი რამდენჯერმე $169.9-დან $280.8-მდე გაზარდა.

რუსული მხარე ამ ფაქტს მზესუმზირის ცუდი მოსავლით და ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე არსებული მაღალი მოთხოვნით ხსნიდა. 1 ტონა მზესუმზირის ზეთის საბაზრო ღირებულება $1 401-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, გასულ წელს 2020 წელთან შედარებით მზესუმზირის ზეთი საქართველოში 36%-ით გაძვირდა. 2021 წლის 11 თვეში 30 ათასი ტონა ზეთის იმპორტში საქართველომ $40 მილიონი გადაიხადა. საქართველოში მზესუმზირის ზეთის ძირითადი იმპორტიორი რუსეთია ($38.8 მილიონი).