LIVE

გაზრდილი კომუნალური ხარჯების გამო ევროპელები ენერგიის მოხმარებას ამცირებენ

20 იან 202216:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 872
გაზრდილი კომუნალური ხარჯების გამო ევროპელები ენერგიის მოხმარებას ამცირებენ
Angel Garcia/Bloomberg

მთელ ევროპაში იღებენ ზომებს ენერგიის მოხმარების შესამცირებლად. არსებობს მოლოდინი, რომ მიწოდების უპრეცედენტო შეფერხებების გამო ფასი ზამთრის შემდეგ მაღალ დონეზე შენარჩუნდება.

Bank of America-ს მონაცემებით, ელექტროენერგიის გადასახადები მთელს კონტინენტზე იზრდება და ოჯახებს საშუალოდ 54%-ით მეტის გადახდა უწევთ, ვიდრე ორი წლის წინ. მაღალი ფასი ზრდის მოთხოვნას მზის პანელებსა და დამატებით საიზოლაციო მასალებზე, რადგან ადამიანები ფულის დაზოგვას ცდილობენ. 

სახურავზე დამონტაჟებულ მზის პანელებზე მოთხოვნა “გაიზრდება მთელ ევროპაში. ფასების ზრდის ფონზე გადასახადების შემცირების პოტენციალი ამ ტიპის ინსტალაციის საშუალებით ახლა ბევრად უფრო მიმზიდველია”,- ამბობს ვეგარდ ვიიკ ფოლსეტი, EMEA-ს განახლებადი ენერგიის ხელმძღვანელი კვლევით კომპანია Rystad Energy-ში.

Rystad-ის ცნობით, საფრანგეთში 2021 წელს მზის ენერგიის გამოყენების ყველაზე დიდი ზრდა იყო. ახალი დანადგარების რაოდენობა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. 1600 მეგავატი სიმძლავრის დამატებით გერმანია კვლავ პირველ ადგილზეა მოცულობით. ზრდა ორივე ქვეყანაში ეფუძნება არსებულ ტენდენციას: ბოლო წლებში სულ უფრო მეტი მაცხოვრებელი ირჩევს სახლების “გამწვანებას”.

მომხმარებლები ცდილობენ შეაკავონ გადასახადების ზრდა, რადგან მიწოდების შემცირება და განახლებად ენერგიაზე გადასვლა, როგორც ჩანს, ბაზრის არასტაბილურობას განაპირობებს. 

ევროკავშირის სახსრებით იტალიისა და ესპანეთის მთავრობებმა პირობა დადეს, გამოყონ 12 მილიარდი და 3,4 მილიარდი ევრო ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად 2026 წლამდე. ევროპა ასევე იზიდავს კერძო ინვესტიციებს ასეთი გადაწყვეტილებებისთვის, რადგან კომპანიები აფართოებენ მზის პანელების, სახლის ბატარეებისა და ჭკვიანი მრიცხველების შეთავაზებას.

“ხალხი ამას იმიტომ აკეთებს, რომ უამრავ ფულს ზოგავს”,- განაცხადა ალექს მეზლერმა, გერმანული მზის ენერგიის პროვაიდერის, Zolar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომლის გაყიდვები გასულ წელს გაორმაგდა. ტიპური სახურავის სისტემა - ბატარეით და დანამატებით, მანქანის დამუხტვის ჩათვლით - აძლევს მომხმარებლებს დაახლოებით 27,000 ევროს მოგებას, თუ ის მუშაობს დაახლოებით 25 წლის განმავლობაში.

ასეთი ტექნოლოგიების გამოყენება კონტინენტების მიხედვით ძალიან განსხვავდება. დიდ ბრიტანეთში თბოიზოლაციის გაუმჯობესება მთავარი გამოწვევაა. იქ სახლები უფრო სწრაფად კარგავენ სითბოს, ვიდრე დასავლეთ ევროპაში. მიუხედავად ამისა, გასული წლის ბოლოს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბრიტანელების მეხუთედზე ნაკლები განიხილავს საკუთარი სახლის ენერგოეფექტურობას. მათ შორის, ვინც ცვლილებაზე არ ფიქრობს, მეოთხედზე მეტმა თქვა, რომ ეს ძალიან ძვირია.

ძალისხმევისა და დადებითი ტენდენციის მიუხედავად, შესაძლოა, წლები გავიდეს, სანამ ენერგიის ეროვნული მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდება.

“ენერგოეფექტურობის ზომებს დრო სჭირდება შედეგების მასშტაბურად გამოსავლენად, ამიტომ არ უნდა ველოდოთ, რომ ისინი დაგვეხმარებიან საყოფაცხოვრებო ენერგიის მოთხოვნის შემცირებაში მომავალ ზამთარში ეროვნულ დონეზე”,- თქვა სიმონე ტალიაპიტრამ, ბრიუგელის უფროსმა მეცნიერმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ტოდ გილესპი და უილიამ უილკსი