LIVE

მაკრონი ყალბი ამბების გამავრცელებლების კანონის წინაშე პასუხისმგებლობის მომხრეა

13 იან 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1028
მაკრონი ყალბი ამბების გამავრცელებლების კანონის წინაშე პასუხისმგებლობის მომხრეა
Ludovic Marin/Pool via AP

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ყალბ ახალ ამბებს ინტერნეტით, პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ და შესაძლოა მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება აპრილში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

პარიზში გამოსვლისას მაკრონმა ისაუბრა, რამდენად დიდი საფრთხეა ონლაინ დეზინფორმაცია და ყალბი ამბები დემოკრატიისთვის.

მაკრონის ვარაუდით, ახალი კანონები შესაძლებელს გახდის პასუხისმგებლობის დაკისრებას საფრანგეთში ინტერნეტ პლატფორმების, გავლენიანი ადამიანებისა და ჟურნალისტებისთვის.

“ასე უნდა იყოს უცხოური მედიისთვისაც, რომელიც უფლებამოსილია გაავრცელოს ახალი ამბები საფრანგეთის ტერიტორიაზე”,- განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, დასავლური დემოკრატიები ამჟამად არ არიან საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდნენ “გარე ავტორიტარული რეჟიმების მიერ დაფინანსებულ პროპაგანდისტულ აქტორებს, რომლებიც არ შეესაბამება ანგარიშვალდებულების პროცედურებსა და ჟურნალისტურ ეთიკას”.

2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე ინტერნეტში დოკუმენტების მასიური გაჟონვა მოხდა. ბოტების გამოყენებამ გააჩინა კითხვები რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფების ჩართულობის შესახებ. მოსკოვმა ჩარევა კატეგორიულად უარყო.

საფრანგეთის მთავრობამ გასულ წელს შექმნა სააგენტო უცხოურ დეზინფორმაციასთან და ყალბ ამბებთან საბრძოლველად.