მიმდინარე წელს BioNTech-ი Covid-19-ის ვაქცინების გაყიდვიდან, სავარაუდოდ, უფრო ნაკლებ შემოსავალს მიიღებს. კომპანიის პროგნოზით, გაყიდვები 13-17 მილიარდი ევროს ფარგლებში იქნება. გასული წლის გაყიდვებიდან კი 16-17 მილიარდ ევროს შემოსავალს ელის. კომპანია მე-4 კვარტლის ფინანსურ მონაცემებს მარტში გამოაქვეყნებს.
BioNTech-ის პარტნიორმა კომპანია Pfizer-მა გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ვაქცინების გაყიდვებიდან $31 მილიარდს მიიღებს. მისი პროგნოზი ნოემბრის შუა რიცხვებამდე 1,9 მილიარდი დოზა ვაქცინის გაყიდვის კონტრაქტებს ემყარება. შემოსავალი პარტნიორებს შორის ნაწილდება.
ომიკრონის ვარიანტის გავრცელების გამო, ევროპასა და შეერთებულ შტატებში "ბუსტერ" დოზის შესახებ კამპანია გააქტიურდა, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენი ქვეყანა მიმართავს ვაქცინაციის მორიგ ეტაპს.
”ჩვენ ველით, რომ შემდგომი კონტრაქტები გაფორმდება მომდევნო თვეებში და ასევე, მთელი წლის განმავლობაში. დიდი ალბათობით, დამატებითი ვაქცინაციის ეტაპები საჭირო გახდება", ამბობს BioNTech-ის მთავარი ფინანსური დირექტორი, იენს ჰოლშტეინი.
მიმდინარე კვირის დასაწყისში BioNTech/Pfizer-ის კონკურენტმა კომპანია Moderna-მ განაცხადა, რომ 2022 წელს $18.5 მილიარდი ღირებულების შესყიდვის ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია. გარდა ამისა, კომპანია ვაქცინებიდან დამატებით $3.5 მილიარდის შემოსავალს ელის.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი კრესგე