თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პენსიონერები მედიკამენტების 500 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ამ ადამიანების მხარდაჭერა და თანადგომა პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, ვაუჩერს მიიღებს ყველა სოციალურად დაუცველი პენსიონერი, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 ათასს არ აღემატება. მერის განმარტებით, ისინი პროგრამის მონაწილეები ავტომატურად გახდებიან.
ვაუჩერის გამოსაყენებლად პროგრამის ბენეფიციარმა, ან მისმა წარმომადგენელმა ექიმს უნდა მიმართოს, რომელიც მედიკამენტებს გამოწერს და ელექტრონულ პროგრამაში ატვირთავს. ამის შემდეგ ბენეფიციარი მერიისგან SMS კოდს მიიღებს. შესაბამისი კოდითა და პირადობის მოწმობით მედიკამენტების შეძენა ნებისმიერ აფთიაქში იქნება შესაძლებელი. ბენეფიციარმა გამოწერილი მედიკამენტი კოდის მიღებიდან ერთ თვეში უნდა შეიძინოს. ვაუჩერზე დარჩენილი თანხის გამოყენება კი, ერთი წლის ვადაში იქნება შესაძლებელი.