LIVE

აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების თითქმის 8-საათიანი შეხვედრა დასრულდა

10 იან 202220:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 1116
აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების თითქმის 8-საათიანი შეხვედრა დასრულდა
Denis Balibouse/AFP/Getty Images

ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების შესახებ შეხვედრის პირველი რაუნდი დასრულდა. მხარეებს შორის საუბარმა 7,5 საათს გასტანა.

რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრ ფომინი, ხოლო ამერიკულ დელეგაციას სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე, ვენდი შერმანი ხელმძღვანელობდა. 

რუსეთი დაჟინებით მოითხოვს NATO-ს გაფართოების შეჩერებისა და  ცენტრალური ევროპის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს და უკრაინის ბლოკში არმიღების შესახებ სამართლებრივ გარანტიებს. აშშ-მა მისი ეს მოთხოვნა უარყო და ამის ნაცვლად, შესთავაზა რეგიონში რაკეტების განლაგება და წვრთნები შეზღუდოს. 

რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა, რის გამოც, კიევსა და დასავლეთში ეჭვობენ, რომ შესაძლოა, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. კრემლი უარყოფს, რომ თავდასხმას გეგმავს, მაგრამ ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ის მის საზღვრებთან NATO-ს გაზრდილ აქტივობას პასუხობს და მიუთითებს დონბასში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ უკრაინის თავდასხმის საფრთხის შესახებ. უკრაინა რუსეთის ბრალდებას უარყოფს.

მოლაპარაკებები რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ძალების მობილიზების ფონზე წარიმართა. აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს სადამსჯელო სანქციების დაწესებით დაემუქრნენ. 

დღევანდელი შეხვედრა იყო პირველი ამ კვირაში დაგეგმილი სამი დიპლომატიური შეხვედრიდან. რუსეთსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებები 12-13 იანვარს გაგრძელდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ილია არხიპოვი