სვანეთის მოსახლეობის ნაწილის მიერ მაინინგის შეწყვეტასთან დაკავშირებით დადებული პირობის მიუხედავად, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირებულა.
როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს, კომპანიის წარმომადგენლებმა მაღალი ძაბვის ხაზის რეაბილიტაცია შეძლეს და მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება. თუმცა კომპანიაში განმარტავენ, რომ მესტიის ენერგომოხმარება კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
სპეციალისტების შეფასებით კი ის ფაქტი, რომ მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება არ შეინიშნება, მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა თქვა უარი მაინინგზე. შესაბამისად, ენერგეტიკოსების შეფასებით, აუცილებელია, რომ მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას, მათ შორის დაწესდეს მოხმარების ზღვარი, რომლის ზემოთაც მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს გადაიხდის.
„ფაქტია, მოსახლეობას იმ მოცულობის მაინერები არ გაუთიშავს, რომ ამას ელექტროენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად შეემცირებინა და შესაბამისად, გადამცემ ხაზებზე დაწოლაც შემსუბუქებულიყო. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, აუცილებელია, მთავრობამ რამდენიმე ნაბიჯი დროულად გადადგას. დადგინდეს ენერგომოხმარების ზღვარი, რის ქვემოთაც მოსახლეობა გადასახადს არ გადაიხდის, ამ ნიშნულის ზემოთ კი გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს. ეს უზრუნველყოფს, რომ ვინც მაინინგითაა დაკავებული, უფრო გონივრულად მოიხმარს ელექტროენერგიას და ამის საფასურსაც გადაიხდის. მეორე მხრივ კი აუცილებელია, რომ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს სათანადო რეაგირება ჰქონდეთ მაინინგის მიზნებისთვის ელექტროენერგიის უკონტროლო მოხმარებაზე“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ ენერგეტიკოსმა, გია არაბიძემ.
ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ ერთხელ აქტუალური ახალი წლის წინა დღეებში გახდა. რამდენიმე დღის განმავლობაში მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა, ხოლო საბაგიროები გამორთული იყო. აღნიშნულის მიზეზი ადგილობრივების მიერ კრიპტოვალუტის მაინინგისთვის ელექტროენერგიის უკონტროლო მოხმარებაა. თავის მხრივ კი სვანეთში აქტიურ მაინინგს ის გარემოება განაპირობებს, რომ მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის.