LIVE

Emily in Paris: უკრაინა სტერეოტიპული მიდგომის გამო Netflix-ს უჩივის

03 იან 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 5931
Emily in Paris: უკრაინა სტერეოტიპული მიდგომის გამო Netflix-ს უჩივის
STEPHANIE BRANCHU/NETFLIX

უკრაინა Netflix-ს სერიალ Emily in Paris-ში პერსონაჟის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო უჩივის. განცხადება ქვეყნის კულტურის მინისტრმა გააკეთა.

Netflix-ის შოუ მოგვითხრობს ახალგაზრდა ამერიკელზე, რომელიც სამუშაოდ საფრანგეთის დედაქალაქში მიემგზავრება. მეორე სეზონში უკრაინელი პეტრა, მთავარ გმირ ემილისთან ერთად მოგზაურობისას მაღაზიებს ძარცვავს. პერსონაჟს, რომელსაც უკრაინელი მსახიობი დარია პანჩენკო თამაშობს, ასევე აქვს მოდის ცუდი გრძნობა და ეშინია დეპორტაციის.

კულტურის მინისტრმა, ალექსანდრე ტკაჩენკომ პეტრას პროტოტიპს “შეურაცხმყოფელი” უწოდა. 

“ვნახეთ უკრაინელი ქალის კარიკატურული სურათი, რაც მიუღებელია. ეს შეურაცხმყოფელიცაა. ასე ხედავენ უკრაინელებს საზღვარგარეთ?”, - დაწერა ტკაჩენკომ Telegram-ზე.

კულტურის მინისტრის მოსაზრება არ გაიზიარეს უკრაინაში. “სერიალში უარყოფითი პერსონაჟი შეიძლება იყოს ყველა, გარდა უკრაინელისა? ცხადია, ყველას გვსურს, რომ ის მოსკოვიდან იყოს, მაგრამ ყოველთვის არ იღებთ იმას, რაც გსურთ”, - განაცხადა  უკრაინელმა კინოპროდიუსერმა, ნატალკა იაკიმოვიჩმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სერიალს სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ სტერეოტიპულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ. პირველი სეზონის შემდეგ ის განსაკუთრებით საფრანგეთში გააკრიტიკეს პარიზისა და მისი მაცხოვრებლების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების პოპულარიზაციის გამო.

სერიალი ფრანგებს უხეშ ადამიანებად წარმოაჩენს, ​​რომლებიც ბერეტებს ატარებენ და ხშირად ღალატობენ პარტნიორებს.