LIVE

საამიროების სახელმწიფო ფონდი საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენებით დაინტერესდა

29 დეკ 202116:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1269
საამიროების სახელმწიფო ფონდი საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენებით დაინტერესდა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ფონდი „მასდარი“ საქართველოში 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის აშენებით დაინტერესდა.

საქართველოში მზის ელექტროსადგურის (solar PV project) განვითარების პროექტს ქართული და არაბული მხარე ერთობლივად განახორციელებს.

შესაბამისი შეთანხმება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ფონდ „მასდარს“ შორის დღეს გაფორმდა.

შეთანხმების თანახმად, მხარეებმა მზის ელექტროსადგურის პროექტის შემდგომი განვითარების მიზნით, უნდა განახორციელონ ქმედებები ტექნიკური, კომერციული და ფინანსური მიმართულებებით. პროექტის დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება, ხელმოწერიდან 6 თვის ვადაში, კვლევების ეტაპის დასრულების შემდგე იქნება მიღებული. 

„საუბარია 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის სადგურზე, რომელიც ორი სახელმწიფო ფონდის თანამშრომლობით განხორციელდება. ეს იქნება პირველი პროექტი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა უკანასკნელი - ასეთივე დიდი ინტერესია გამოთქმული ფონდ „მასდარის“ მხრიდან წყალში აშენებული ქარის ტურბინების პროექტების, ასევე მცურავი მზის ელექტროსადგურების მიმართ და ეს არის უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენი თანამშრომლობის შედეგად საქართველოში მალე იქნება წარმოდგენილი“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR-ს შორის ხელშეკრულება დუბაიში, „Expo 2020“-ის ფარგლებში გაფორმდა.