LIVE

აშშ-ში უსიმპტომო კოვიდ-ინფიცირებულებს კარანტინის 10-ის ნაცვლად 5 დღეში დასრულება შეუძლიათ

28 დეკ 202113:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1181
აშშ-ში უსიმპტომო კოვიდ-ინფიცირებულებს კარანტინის 10-ის ნაცვლად 5 დღეში დასრულება შეუძლიათ

აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების" (CDC) გადაწყვეტილებით, Covid-19-ით ინფიცირებულებს შეუძლიათ კარანტინი ათი დღის ნაცვლად, ხუთ დღეში დაასრულონ, თუ მათ ვირუსის სიმპტომები აღარ აღენიშნებათ. ამ დროის შემდეგ, მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მათ სხვა ადამიანთან სიახლოვისას პირბადე უნდა ატარონ. 

აშშ-ში, სადაც ომიკრონის შტამი დომინირებს, Covid-19-ის ახალი შემთხვევების მატებას ელიან. ხანმოკლე იზოლაცია და საკარანტინო პერიოდი ადამიანებს  საშუალებას მისცემს უფრო ადრე დაბრუნდნენ სამსახურებსა თუ სკოლებში, რაც პოტენციურად ხელს შეუწყობს სკოლების დახურვისა და სამსახურებში შეფერხების თავიდან არიდებას.  

გასულ კვირას, CDC-მ შეამცირა იზოლაციის დრო ჯანდაცვის მუშაკებისთვის და თქვა, რომ მსუბუქი ან ზომიერი Covid-19-ის მქონე პირებს შეუძლიათ სამსახურებს შვიდი დღის შემდეგ დაუბრუნდნენ, თუ მათი კოვიდტესტის პასუხი უარყოფითია. 

რაც შეეხება იზოლაციის პირობებს, ის პირები, ვინც ვაქცინირებულები არ არის, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ, ხუთდღიან კარანტინს ექვემდებარებიან, ხოლო თუ ხუთდღიანი კარანტინი არ არის შესაძლებელი, მათ სხვა ადამიანებთან კონტაქტისას 10 დღის განმავლობაში უნდა ატარონ მჭიდრო ნიღაბი, როგორიცაა N95. 

კონტაქტის შემთხვევაში, "ბუსტერ" დოზით აცრილებს, კარანტინში ყოფნა არ ევალებათ, თუ სიმპტომები გამოვლენილი არ არის, თუმცა მათ 10 დღის განმავლობაში პირბადის ტარება მაინც მოუწევთ. 

CDC-ის მითითებების ცვლილება მოტივირებული იყო მეცნიერების დასკვნებით, რომელიც აჩვენებს, რომ ინფექციის გადადება უმეტესად ხდება დაავადების ადრეულ ეტაპზე.

ადრეული კვლევები ასევე, აჩვენებს, რომ ომიკრონის მიერ გამოწვეული დაავადება არც ისე მძიმეა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც აცრილია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტიმოთი ანეტი და ანჯელიკა პიბლესი